დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა
დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა

დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

ცვლილებები გულისხმობს ტენდერების გზით გამოთავისუფლებული 5 მლნ 300 000 ლარის სხვადასხვა პროგრამაზე გადანაწილებას.

როგორც უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განმარტა, აღნიშნული თანხები მოხმარდება საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის პრემიების ჩარიცხვას, ასევე ბაღებსა და სკვერებში ვიდეო კამერების დამონტაჟებას, სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციას და სხვა.

„ტენდერები იძლევა იმის საშუალებას, რომ გარკვეულწილად ეკონომიები მივიღოთ. ეკონომიამ შეადგინა დაახლოებით 5 მლნ 300 000 ლარამდე. ეს თანხა გადანაწილდა გარკვეულ პროგრამებზე, მათ შორის ნაწილი მიემართება საბავშვო ბაღების მიმართულებით წინასააღდგომოდ პედაგოგებს წამახალისებელი პრემიის სახით ჩაერიცხებათ. დაახლოებით 700 000-მდე ლარი გათვალისწინებულია ზედამხედველობის მიმართულებით აღჭურვილობის შეძენისთვის მათი მოვალეობების უკეთესად შესრულებლად. დაახლოებით 500 000-ზე მეტი ჩვენ გვაქვს სტიქიით დაზარალებულებისთვის საკომპენსაციო თანხები. ასევე, დაახლოებით 700 000-მდე ლარი მიემართება ცალკეულ პარკებსა და სკვერებში უსაფრთხოების კამერების დაყენებას, რადგან დღის წესრიგში დადგა ეს საკითხი იქიდან გამომდინარე, რომ ხდება ვანდალიზმი ცალკეულ პარკებსა და სკვერებში და ბიუჯეტს უკვე გაორმაგებულად უჯდება ეს თანხები“, – განაცხადა ზარქუამ.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, რომ აღნიშნული თანხები მთლიანად სარეკლამო მიმართულებით დაიხარჯება, ზარქუა უარყოფს და აცხადებს, რომ რეკლამებისთვის მხოლოდ 600 000 ლარია გათვალისწინებული.

„არსებობს ოქმი, სადაც შავით თეთრზე წერია, რა მიმართულებით წავიდა ეს თანხა. ამ 5 მილიონიდან დაახლოებით 600 000-ზე მეტი მიემართება საინფორმაციო სააგენტოს მიმართულებით, რაც ხმარდება იმას, რომ საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს, თუ რა კეთდება დედაქალაქში. ეს იქნება ბუკლეტები, თუ ცალკეული საინფორმაციო ინსტრუმენტების მიწოდება, თუ ამას გულისხმობენ, თუმცა, ბუნებრივია, ეს არ არის 5 მილიონი და 5 მილიონსა და 600 000 შორის არის განსხვავება. ჟურნალისტებს გაქვთ საშუალება მარტივად გამოიჭიროთ ოპოზიცია სიცრუეში და მოითხოვოთ ჩანაწერი და ბიუჯეტის ცვლილებები“, – განაცხადა ზარქუამ.