დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი 896 მლნ 863 ათასი ლარით განისაზღვრება 
დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი 896 მლნ 863 ათასი ლარით განისაზღვრება 

დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი ჯამურად 896 მლნ 863 ათასი ლარი იქნება. თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი საკრებულოს ხუთი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს. პროექტი საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა.

ჯამური თანხიდან წინა წლის ნაშთი 34 მლნ 256 ათასი ლარია, ხოლო 576 ათასი ლარი ევროკავშირის გრანტია. გაიოზ თალაკვაძის განცხადებით, აღნიშნული თანხის ძირითადი ნაწილი თბილისისთვის 100 ახალი ავტობუსის შეძენას მოხმარდება.

სხდომაზე 100 ავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებულ ტენდერზეც გამახვილდა ყურადღება. როგორც მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ტენდერი გამოცხადებულია და განაცხადების დამუშავება მიმდინარეობს. ბიუჯეტის ცვლილებებთან დაკავშირებით, სხდომაზე დადებითი რეკომენდაციები გაიცა.

გარდა ამისა, კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის ორ ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გააპროტესტა და აღნიშნა, რომ პროცესში გარკვეული ხარვეზებია. საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას თქმით, ხარვეზებზე განცხადება უკვე არაერთხელ გაკეთდა.

„სწორედ ამიტომ არის შეჩერებული ბევრი პროექტი და ყველა პასუხს აგებს კანონის წინაშე, ვინც არაკეთილსინდისიერად შეასრულა სამუშაოები,“- განაცხადა ზარქუამ.

დღესვე, კომისიების სხდომაზე თბილისის ის 14 ცენტრალური ქუჩა განისაზღვრა, რომლებზეც მოძრავ სამარშრუტო მიკროავტობუსებს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე შეეძლებათ გაჩერება. აღნიშნული რეგულაცია რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მოძრავ მიკროავტობუსებზეც გავრცელდა.