დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მონაცემებით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ, მეწყრული მასა 24 საათში დაახლოებით ხუთი სანტიმეტრით გადაადგილდება

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი თბილისში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ განვითარებულ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით პირველადი დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის თქმით, მათმა ინსტიტუტმა არსებული სიტუაცია დამოუკიდებლად შეისწავლა. ცენტრი 18 და 22 მარტის აეროგადაღებების შედეგებს ადარებს.

ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, აეროგადაღების კადრებით დგინდება, რომ მეწყრული მასა 24 საათის განმავლობაში დაახლოებით ხუთი სანტიმეტრით გადაადგილდება. ამასთან, გეოფიზიკური გამოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რონ ნაპრალის სიღრმე 18 მეტრია და არა 10 მეტრი, როგორც ეს პირველადი შესწავლით დგინდებოდა.

„პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს ლიმიტირებული რესურსები. ეს ნიშნავს, რომ არ გვაქვს საკმარისი აპარატურა მეწყრის მონიტორინგისთვის. ის აპარატურა კი, რაც გვაქვს, არ გვაძლევს საშუალებას, სურათი მთლიანად დავინახოთ. დღევანდელი ჩვენი დასკვნა არის ხუთშაბათს, ჩვენ მიერ პირველად ჩატარებული კვლევისა და გუშინდელი დღის კვლევის შედარებითი ანალიზი.

ჩანს, რომ მეწყერი მოძრაობს, ის დინამიკაშია მოსული. ეს დგინდება ორი პარამეტრით, მეწყერის სიჩქარისა და აჩქარების დადგენით. აჩქარების გასაზომად ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი აპარატურა, თუმცა მაინც ვცდით ამის გაზომვას არსებული აპარატურით. ამას გვირჩევენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები. აჩქარების პარამეტრი გვიჩვენებს, რომ ის თუ აჩქარდა, ე.ი. სხეული დაიძრა და ნელი მოძრაობიდან გადავა ჩამოწევაზე. ახლა მეწყრის ტანის მოძრაობის სიჩქარე არის ხუთი სანტიმეტრი დღეში. ეს არ არის ცოტა და აუცილებელია, ამაზე გავამახვილოთ ყურადღება. ეს დავადგინეთ აეროფოტოგადაღებით. თუმცა, ეს არ არის ზუსტი მონაცემი და მას შემოწმება სჭირდება. რაც შეეხება ნაპრალის სიღრმეს, ჩვენ ავაწყვეთ 188 მეტრის ელექტრული პროფილი. ელექტრომაგნიტური ტალღების გაშვებით დადგინდება მისი აგებულება. გამოვლინდა, რომ სიღრმე უფრო მეტია, ვიდრე ჩანს, ამ დროისთვის ის არის 18 მეტრი“, – განაცხადა თეა გოდოლაძემ.