დედამიწის ორბიტაზე დროებითი მინიმთვარე აღმოაჩინეს
დედამიწის ორბიტაზე დროებითი მინიმთვარე აღმოაჩინეს

მცირე პლანეტათა ცენტრი იუწყება, რომ სამი წლის წინ, დედამიწამ მეორე მთვარეც შეიძინა. სანამ ამ აღმოჩენით ძალიან აღელდებით, გეტყვით, რომ ეს მთვარე სულაც არ არის ისეთი შთამბეჭდავი, როგორც ჩვენი ძირითადი ბუნებრივი თანამგზავრი. ის უკიდურესად პატარაა, ერთიდან ექვს მეტრამდე სიგანის და თანაც, მუდამ ჩვენთან არ დარჩება.

ობიექტი პირველად ამერიკელმა ასტრონომებმა, თეოდორე პრუინმა და კასპერ ვიერშჰოსმა შენიშნეს მაუნთ-ლემონის ობსერვატორიის 1,52-მეტრიანი ტელესკოპით.

შემდეგი დაკვირვებების საშუალებით გამოთვალეს მისი ორბიტაც. მცირე პლანეტათა ცენტრმა მისი აღმოჩენა ოფიციალურად დაადასტურა, სახელად 2020 CD3 უწოდა და განაცხადა, რომ ეს სხეული დედამიწის გარშემო დროებით მოძრაობს.

ობიექტი 2020 CD3 იმ ციცქნა ასტეროიდთა კლასს მიეკუთვნება, რომელთა ორბიტებიც დედამიწის ორბიტას კვეთენ. ხანდახან ისინი დედამიწას უხალოვდებიან და ეჯახებიან კიდეც, თუმცა ამ შემთხვევაში, შეჯახება ნამდვილად არ იქნება ჩვენთვის კატასტროფა, რადგან 2020 CD3 იმდენად პატარაა, რომ ის დედამიწის ატმოსფეროში დაიშლება და ზედაპირამდე ვერც მოაღწევს.

როგორც ჩანს შეჯახების ნაცვლად, ჩვენმა პლანეტამ ეს სხეული მოახლოებისას ორბიტაზე „ჩაიჭირა“, იმაზე გაცილებით შორს, ვიდრე ჩვენი ძირითადი მთვარე.

ე. წ. მინიმთვარეები, როგორიც ეს უკანასკნელია, მხოლოდ დროებითია. 2020 CD3 სავარაუდოდ სულ მალე დატოვებს დედამიწის ორბიტას და კვლავ მზის გარშემო გააგრძელებს მოძრაობას. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, დედამიწას ნებისმიერ დროს ჰყავს ერთ მეტრზე დიდი სულ მცირე ერთი მინიმთვარე, რომლებიც ჩვენს პლანეტას სულ მცირე ერთხელ უვლიან გარს, შემდეგ კი ისევ გარბიან.

არც ერთი მათგანი დედამიწასთან დიდხანს არ რჩება, რადგან ჩვენი მუდმივი, დიდი მთვარისა და მზის გრავიტაციის ძალა მათ ორბიტებს არასტაბილურს ხდის. დაჭერის შემდეგ, ისინი დედამიწას გარს უვლიან მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში, შემდეგ გარბიან და კვლავ დამოუკიდებლად იწყებენ მოძრაობას მზის გარშემო.

მინიმთვარეების ორბიტების ზუსტი პროგნოზირება რთულია, რადგან ასეთ პატარა სხეულებზე ძლიერ მოქმედებს მზის რადიაცია. რთულია მათი ზომის, ფორმისა და არეკვლის უნარის გამოთვლაც. ერთი-ერთი წინა ასეთი ვიზიტორი მინიმთვარე, სახელად 2006 RH120, დედამიწას გარს უვლიდა 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის ივნისამდე, შემდეგ კი თავის გზა განაგრძო. ამჟამად ის მზის მეორე მხარეს იმყოფება და ჩვენს პლანეტას კვლავ მოუახლოვდება 2028 წელს.

ამ ტიპის სხეულებს დედამიწის „კვაზითანამგზავრებს“ უწოდებენ. ერთ-ერთმა მათგანმა, სახელად 1991 VG, ჩვენს პლანეტას 1992 წელს ერთხელ შემოუარა და ამას მომავალშიც იზამს.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.