დედამიწის ფორმა იცვლება — ხდება უფრო მრგვალი, მაგრამ ზოგიერთ ადგილას უფრო ბრტყელდება #1tvმეცნიერება
ჩვენი უმშვენიერესი, უზარმაზარი ბურთის მსგავსი პლანეტა სინამდვილეში სრულყოფილი სფერო არ არის.
საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვა და და მზის გარშემო მოძრაობა განაპირობებს ეკვატორთან გამოზნექილობას და პოლუსებთან გაბრტყელებას.
ეს დეფორმაცია შეუმჩნეველია. შეხედეთ დედამიწისთვის კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოს — ამას უმეტესი ვერც კი შენიშნავს, მაგრამ ეს ასეა და ბრუნვის ფიზიკის ნორმალური შედეგია.
ოღონდ არის ერთი დიდი პრობლემა. დედამიწა აშკარად იცვლის ფორმას — რაც არ უნდა პარადოქსი იყოს, ხდება როგორც უფრო მეტად შებრტყელებული, ამავე დროს ნაკლებად შებრტეყლებულიც — გააჩნია, საიდან გაზომავთ.
სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის გეოლოგ კრისტოფერ კოცაკისის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ეს ცვლილება ჩქარდება მაჩვენებლით, რომლითაც პოლარული რეგიონების აწევის ტემპი ბოლო 20 წელიწადში დაახლოებით გაორმაგდა.
ამ აჩქარების სულ მცირე ერთი გამომწვევი შეიძლება იყოს ყინულის დნობა დედამიწის ყველაზე ცივ რეგიონებში.
„ჩვენი შედეგები მიუთითებ პოლარული აწევის აჩქარებაზე, რასაც თან ახლავს ეკვატორული დაწევის შესაბამისად მზარდი სიჩქარე. ეს იმას ნიშნავს, რომ დედამიწის მყარი ნაწილის საერთო ფორმა ოდნავ ნაკლებად ბრტყელი ხდება“, — წერს კოცაკისი Journal of Geophysical Research: Solid Earth-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
დედამიწა ჩვენს ფეხქვეშ უკიდურესად მყარი ჩანს, მაგრამ ჩვენი პლანეტა გაცილებით უფრო მოქნილი და თავისუფალია, ვიდრე ეს ჩვენი ყოველდღიური ადამიანური ცხოვრებიდან შეიძლება ჩანდეს. კონტინენტები მოძრაობს. ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ეჯახება. გეოლოგიური დროის თვალსაზრისით, ზედაპირი საოცრად დრეკადია.
თუკი მასა ერთ ზონაში აკუმულირდება, მის ქვეშ ქერქი ჩაწვება. მოაშორეთ ეს მასა და ქერქი თანდათან კვლავ ამოიწევა.
ეს დღესაც ხდება პლანეტის იმ ნაწილებში, რომლებსაც ყინული აწვებოდა ბოლო გამყინვარების პერიოდში, რომელიც დაახლოებით 11 000 წლის წინ დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ყინული დიდი ხნის წინ გაქრა, ქერქი მას დღემდე ეპასუხება — ამ პროცესს მეცნიერები მყინვარულ იზოსტატიკურ კორექციას უწოდებენ.
თუმცა, მიმდინარე დეფორმაცია სულაც არ არის მთლიანად დაკავშირებული დიდი ხნის წინანდელ ცვლილებებთან.
გრენლანდია და ანტარქტიკა სწრაფად კარგავენ ყინულს, მათ ქვეშ არსებული ქერქიდან უზარმაზარი სიმძიმის მოხსნა დედამიწის მყარ ნაწილს აწევის საშუალებას აძლევს. ამასობაში, ეს ნადნობი წყალი ოკეანეებში ნაწილდება, წონას ყველგან მატებს და ზღვის ფსკერს აწვება.
1970-იანი წლებიდან მოყოლებული, მეცნიერები აკვირდებიან ამ მასობრივი გადაადგილებით გამოწვეულ დედამიწის გეოიდის ცვლილებებს; გეოიდი არის პლანეტის გრავიტაციული ველის უსწორმასწორო, კარტოფილის მსგავსი ფორმა, რომელიც მასის გადანაწილებას აღრიცხავს.
1980-იან წლებში და 1990-იანი წლების უმეტეს ნაწილში, ეს ცვლილებები შეესაბამებოდა იმას, რასაც მყინვარული იზოსტატიკური კორექციისგან ველოდით.
გეოიდის ზოგადი ფორმა როგორც ჩანს, უფრო და უფრო მრგვალი ხდებოდა — ეკვატორული ამოზნექილობა ბრტყელდებოდა, თითქოს პლანეტა გრავიტაციული თვალსაზრისით უფრო სფერულ ფორმას იღებდა.
თუმცა, 1990-იანი წლების ბოლოს ეს ტენდენცია შეიცვალა.
მაგრამ გეოიდის ფორმა სულაც არ ასახავს დედამიწის მყარი სხეულის ფორმას. კოცაკისს სურდა გაერკვია, იცვლებოდა თუ არა პლანეტის კლდოვანი ეგზოჩონჩხიც ისე, როგორც გეოიდი.
მან აიღო გლობალური ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის (GNSS) სადგურების მიერ ჩატარებული გაზომვები; ეს სისტემა აღრიცხავს დედამიწის ზედაპირის ციცქნა ვერტიკალურ მოძრაობებს დროთა განმავლობაში. კონკრეტულად კი გამოიყენა 1997 წლიდან 2015 წლამდე შეგროვებული მონაცემები, რათა გაერკვია, როგორ იწეოდა და იძირებოდა დედამიწის მყარი სხეული პლანეტის გარშემო.
სწორედ აქ დაიწყო საინტერესო ამბები.
1997-2000 წლებს შორის, დედამიწის პოლუსები წელიწადში დაახლოებით 0,5 მილიმეტრის მაჩვენებლით იწეოდა მაღლა.
2015 წლისთვის, მაჩვენებელმა წელიწადში 1 მილიმეტრამდე აიწია.
დედამიწის კლდოვანი ნაწილი პოლუსებთან აჩქარებული ტემპით იშლებოდა შეკუმშული მდგომარეობიდან.
მოძრაობდა ამის საპირისპირო შებრტყელებაც.
ეკვატორის გარშემო, დედამიწის მყარი ნაწილი იძირებოდა მაჩვენებლით, რომელიც კვლევის პერიოდში ასევე იზრდებოდა.
კოცაკისის გამოთვლებმა აჩვენა, რომ გეოიდი სულ უფრო ბრტყელდებოდა — სწორედ ის ტენდენცია, რომელსაც მეცნიერები საუკუნის მიჯნიდან აკვირდებოდნენ.
ეს ყველაფერი შესაძლოა წინააღმდეგობრივად ჟღერდეს, თუმცა არსებობს გასაკვირად მარტივი მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება ეს ორი მაჩვენებელი საპირისპირო მიმართულებით იცვლებოდეს.
პოლუსებთან ყინულის დნობასთან ერთად, მყარი მიწა, რომელსაც ის დაბლა აწვებოდა, მაღლა აწევას იწვევს.
თუმცა, ნადნობი წყლის მასა სადღაც უნდა წავიდეს — მისი რაღაც ნაწილი ქვედა განედებისკენ ნაწილდება, გადააქვს წონა, რაც იქ შებრტყელებას იწვევს.
თუმცა, გრავიტაცია თავად მასაზე რეაგირებს. პოლუსებიდან მასის ქვედა განედებისკენ გადაადგილება დედამიწის გრავიტაციულ ფორმას უფრო ბრტყელს ხდის.
ამიტომ, დედამიწის მყარი კლდოვანი ნაწილი ნაკლებად შეკუმშული ხდება, ამავე დროს კი წყლის ხელახლა გადანაწილება და შესაბამისად, მასის — გეოიდს უფრო შეკუმშულს ხდის.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ქცევა შესაძლოა არალოგიკურად ჩანდეს დედამიწის მყარი ნაწილის შებრტყელების პარალელურ შემცირებასთან შედარებისას, ეს ორი მოვლენა ფიზიკურად თავსებადია“, — წერს კოცაკისი.
ამ კვლევის შედეგები წარმოაჩენს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პლანეტას ერთზე მეტი კუთხიდან შევხედოთ. ცალ-ცალკე არც მისი ცვალებადი მასა და არც ცვალებადი ზედაპირი გადმოსცემს სრულ სურათს.
მხოლოდ სხვადასხვა სახის გაზომვების გაერთიანებით შეგვიძლია დავინახოთ ძალთა ის რთული ურთიერთქმედება, რომელიც ჩვენს მუდმივად ცვალებად პლანეტას აყალიბებს.
კვლევა Journal of Geophysical Research: Solid Earth-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.