დედამიწაზე ყველაზე დაბალი ტემპერატურა დააფიქსირეს - ახალი რეკორდი
დედამიწაზე ყველაზე დაბალი ტემპერატურა დააფიქსირეს - ახალი რეკორდი

რა უკიდურეს წერტილს შეიძლება მიაღწიოს სიცივემ დედამიწაზე? როგორც ჩანს, იმაზე უფრო მეტს, ვიდრე აქამდე გვეგონა. თანამგზავრულ მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ანტარქტიდის მყინვარული საფარის ტემპერატურას -100 გრადუს ცელსიუსამდე დაცემა შეუძლია.

წინა რეკორდი ამავე ზონაშია დაფიქსირებული და -93 გრადუსს შეადგენდა.

მეცნიერებმა გულდასმით შეისწავლეს აღმოსავლეთ ანტარქტიკის პლატოს შესახებ შეგროვებული თანამგზავრული მონაცემები, რასაც შემდეგ, ხმელეთზე განთავსებული ამინდის სადგურების მონაცემები შეურწყეს. ეს რეგიონი მოიცავს სამხრეთ პოლუსსაც.

გაირკვა, რომ ახალი, ყველაზე დაბალი წერტილი ოფიციალურად არის -98 გრადუსი. მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის ცნობით, ეს ტემპერატურა არის „ყველაზე დაბალი, რასაც კი შესაძლებელია, რომ მან მიაღწიოს“.

„ასეთ სიცივეში არასოდეს ვყოფილვარ და იმედი მაქვს, არც მოვხვდები. იქ ყოველი ჩასუნთქვა მტკივნეული იქნება და უკიდურესი სიფრთხილე მოგიწევთ, რათა ამ დროს ხელი და ფილტვები სრულიად არ გაგეყინოთ“, — უთხრა კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევარმა ტედ სკამბოსმა USA Today-ს.

როგორც თანამგზავრული მონაცემები აჩვენებს, ტემპერატურა ამ ნიშნულამდე 3 მეტრის სიღრმეში, ყინულის მცირე ჯიბეებში ეცემა.

აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ხმელეთზე განთავსებული ინსტრუმენტებით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირებულია ასევე აღმოსავლეთ ანტარქტიკის პლატოზე, 1983 წლის ივლისში, რუსეთის სადგურ „ვოსტოკზე“, -89 გრადუსი ცელსიუსი.

სადგური „ვოსტოკი“.

ახალი რეკორდული ნიშნული დაფიქსირებულია კოსმოსში მოძრავი თანამგზავრებიდან და შესაბამისად, მეცნიერებს უყვართ, როცა სხვადასხვა მეთოდით მიღებულ მონაცემებს ერთმანეთისგან აცალკევებენ.

ორივე ტიპის მეთოდი მეცნიერთათვის ძლიერ გამოსადეგია. ამინდის სადგურებს შეუძლიათ უშუალოდ მათ მიმდებარედ არსებული გარემოს დაფიქსირება, მაგრამ თანამგზავრებს ძალუძთ მოიცვან გაცილებით დიდი არეალი.

ამ შემთხვევაში, მეცნიერებმა გამოიყენეს NASA-ს თანამგზავრების, Terra-სა და Aqua-ს მიერ 2004-2016 წლებში შეგროვებული მონაცემები, ასევე მიმართეს NOAA-ს ერთ-ერთი თანამგზავრის მონაცემებს. ყველაზე ღრმა ტემპერატურული ჩავარდნები ფიქსირდებოდა სამხრეთ ნახევარსფეროს ზამთრის (ივნისი, ივლისი, აგვისტო) ღამეებში.

გარდა ამისა, მონაცემები მიუთითებს იმ საინტერესო დეტალებზეც, რომელთა წყალობითაც ტემპერატურა ასე ეცემა. პირველ ყოვლისა, საჭიროა მოწმენდილი ცა და სუსტი ქარი. ჰაერში არ უნდა იყოს წყლის არანაირი ორთქლიც.

„ამ ზონაში ჩვენ ვხედავთ უკიდურესად მშრალი ჰაერის პერიოდებს, რაც თოვლიანი ზედაპირის სითბოს კოსმოსში უფრო ადვილად გასხივების საშუალებას აძლევს“, — ამბობს ტედ სკამბოსი.

უკიდურესად მშრალი და ცივი ჰაერი ყინულის ჯიბეებში იძირება, სადაც უფრო ცივდება და ასე რჩება ამინდის შეცვლამდე. მეცნიერთა თქმით, შესაძლებელია, რომ ტემპერატურა კიდევ უფრო დაეცეს, რისთვისაც საჭიროა უფრო მოწმენდილი ცა და მშრალი ჰაერი.

მაგრამ აღსანიშნავია, რომ ერთნაირი, უკიდურესად დაბალი ტემპერატურა მეცნიერებმა მყინვარების მასშტაბით რამდენიმე ადგილას, ერთმანეთისგან ასობით კილომეტრის მანძილზე დააფიქსირეს. ამ ფაქტის საფუძველზე მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს ნიშნული ყველაზე დაბალია, სადამდეც შესაძლებელია, რომ დედამიწაზე ტემპერატურა დაეცეს.

შესაძლოა, ეს რეკორდი დიდი ხნით ვეღარც მოიხსნას. მიზეზი ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მოცულობის ზრდაა. ამას ემატება წყლის ორთქლის ოდენობის ზრდაც, რის გამოც, უკიდურესად დაბალი ტემპერატურის მიღწევისთვის საჭირო პირობები სულ უფრო იშვიათი ხდება.

კვლევა ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.agu.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.