დედაენისა და 9 მარტის სახელობის ბაღების რესტავრაცია-რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს [ფოტო]
დედაენისა და 9 მარტის სახელობის ბაღების რესტავრაცია-რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს [ფოტო]

დედაქალაქის მერია და „თბილისის განვითარების ფონდი“ დედაენისა და 9 მარტის სახელობის ბაღების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებენ.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო არეალში მიმდინარეობს: არსებული ინფრასტრუქტურისა და გზის დაზიანებული საფარის დემონტაჟი; წყალარინების ქსელის მოწყობა; მწვანე საფარის მოცულობის გაზრდის მიზნით, თარგების კორექცია; მშრალი ხიდიდან სანაპიროზე ჩასასვლელ ორივე პანდუსზე სანიაღვრე ქსელის, საყრდენი კედლის მოწყობა და გზის საფარის რეაბილიტაცია; მშრალი ხიდის ბურჯების სარესტავრაციო სამუშაოები; არსებული სკეიტპარკის დემონტაჟი, რომლის ნაცვლადაც, ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკეიტპარკი მოეწყობა.

პროექტის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია – სავაჭრო სივრცეების, სარწყავი სისტემის, სანიაღვრე და გარე განათების ქსელების მოწყობა; ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მონტაჟი; ბავშვთა გასართობი მოედნის, ძაღლების სასეირნო სივრცის მოწყობა; ტერიტორიაზე განთავსდება სხვადასხვა საპარკე ინფრასტრუქტურა, ველოსიპედის გასაჩერებელი ადგილები, სასმელი წყლის შადრევნები; დაირგვება სხვადასხვა სახეობის მარადმწვანე წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეები, ჩატარდება არსებული მწვანე ნარგავების სხვლა-ფორმირების სამუშაოები.

მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, დედაენისა და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას ისახავს მიზნად.

დედაენისა და 9 მარტის ბაღების, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.