დედაენის დღესთან დაკავშირებით, თსუ-მ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ლიანა მარქარიანი დააჯილდოვა
დედაენის დღესთან დაკავშირებით, თსუ-მ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ლიანა მარქარიანი დააჯილდოვა

გამორჩეული ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ლიანა მარქარიანი ოქროს მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ღონისძიება თსუ-ში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

„ხშირად ვამბობ, რომ ქართული მეორე ენა ჩემთვის არასდროს ყოფილა, ყოველთვის როგორც მშობლიურს, ისე განვიხილავდი. თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩაბარებამ კი ეს გრძნობა მეტად გამიმძაფრა. ტყუილად არ ჰქვია დედა უნივერსიტეტი, რადგან მშობელივით, დიდი მოთმინებით ასწავლის თითოეულ სტუდენტს იმ ღირებულებებს, რაც წლების წინ, 14 აპრილის მოვლენების შემდეგ, დაინერგა. როგორც პირველი არხის „ახალი დღის“ ჟურნალისტს, თანაწამყვანს, უზომოდ მეამაყება, რომ ვარ ამ გუნდის/ოჯახის დიდი ნაწილი. ჟურნალისტისთვის, რომელიც მთელ საქართველოს ესალმება, ასეთი ჯილდო არის ყველაზე დიდი დაფასება“, – აღნიშნა ლიანა მარქარიანმა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ენის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება დღეს გაიმართა, რომელზეც ქართული ენის სწავლასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დაჯილდოვდნენ.  ჯილდო გადაეცათ გერმანიის, ლიეტუვის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და ავსტრიის ელჩებს.