დებორა ბირქსი - მაგიური ვაქცინა არ არსებობს, ყველაფერი ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული
დებორა ბირქსი - მაგიური ვაქცინა არ არსებობს, ყველაფერი ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული

ამერიკელი ექიმისა და დიპლომატის, დებორა ბირქსის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო მაგიური ვაქცინა არ არსებობს და ყველაფერი მოქალაქეთა ქცევაზეა დამოკიდებული.

ექიმი ბირქსი თეთრ სახლში მოქმედი საგანგებო შტაბის წევრია, რომელიც კოორდინაციას უწევს კორონავირუსთან ბრძოლას.

„ვიცი, რომ ძალიან დიდი სტრესია წესების დაცვა, თუმცა უფრო რთულია იმ ჯარისკაცებისთვის, ჩვენი ექიმებისთვის, ვინც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან. არ არსებობს მაგიური ტყვია, ვაქცინა ან თერაპია. ეს დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე. სწორედ ჩვენი ქცევაა, რაც გამოიწვევს ამ პანდემიის მიმართულების ცვლილებას მომდევნო 30 დღეში“, – განაცხადა დებორა ბირქსმა.

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ექიმმა ბირქსმა წარადგინა მოდელირებული გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, მოვლენების ყველაზე ნეგატიური სცენარით განვითარების შემთხვევაში აშშ-ში კორონავირუსით 100 000-დან 200 000-მდე ადამიანი დაიღუპება.