„დებიუტის“ მეორე ტურში გადასული ყველა პროექტი დაფინანსდება

კონკურს „დებიუტში“ გამარჯვებული პროექტები ცნობილია.

პირველი არხისა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი კონკურსის მეორე ტურში გადასული შვიდი კონკურსანტიდან, კომისიამ დაფინანსება შვიდივეს მისცა.

ახალგაზრდა რეჟისორები: ილია ასიტაშვილი,  სალომე ვეფხვაძე, ზვიად ციკოლია, გურამ ბაქრაძე, გიორგი სამსიანი, გრიგოლ ნოდია და თინათინ ემირიძე სადებიუტო მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს გადაიღებენ და საზოგადოების წინაშე პირველი არხის მეშვეობით წარადგენენ.

შემოქმედებითი გაერთიანება „დებიუტი“ კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ბაზაზე 1980-იან წლებში შეიქმნა და მას კინორეჟისორი რეზო ესაძე ხელმძღვანელობდა. იმ პერიოდში ახალგაზრდა რეჟისორებმა მრავალი წარმატებული ფილმი შექმნეს.