დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი „დასაწყისი“ ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. იგი საუკეთესო ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა. დაჯილდოების ცერემონია ონლაინ მიმდინარეობდა და მას ტრიესტეს კინოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები – ნიკოლეტა რომეო და ფაბრიციო გროზოლი უძღვებოდნენ.

ფესტივალის მთავარი ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის წარადგინა ჟიურის წევრმა პაოლო ბერტოლინმა, რის შემდეგაც დაჯილდოების ცერემონიას თბილისიდან ონლაინ შეუერთდა დეა კულუმბეგაშვილი.

ფილმი „დასაწყისი“ დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. ფილმი 2020 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში შეირჩა. კორონავირუსის პანდემიის გამო, კინოფესტივალი  ტრადიციული ფორმით არ ჩატარდა, თუმცა „დასაწყისი“ მოგვიანებით კანში მაინც აჩვენეს ფესტიავლის სპეციალური გამოშვების ფარგლებში.

„დასაწყისის“ ჩრდილოეთ ამერიკული პრემიერა შედგა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ფილმს გადაეცა კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის (FIPRESCI) ჯილდო. ფილმის მსოფლიო პრემიერა კი გაიმართა სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე. სან-სებასტიანში ფილმი ოთხი ჯილდოს მფლობელი გახდა: ფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს ნიჟარა“, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო (დეა კულუმბეგაშვილი), საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო (ია სუხიტაშვილი) და ჟიურის სპეციალური პრიზი საუკეთესო სცენარისთვის (დეა კულუმბეგაშვილი, რატი ონელი).

„დასაწყისი“ გადაღებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – ლაგოდეხსა და გარშემო სოფლებში. ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. იგი საქართველო-საფრანგეთის კოპროდუქციაა. ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალი 1989 წლიდან იმართება. იგი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში წამყვანი იტალიური ფესტივალია.