დეა გოშხეთელიანის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა შემაკავებელი ორდერი, რომელიც პოლიციამ დეა გოშხეთელიანის წინააღმდეგ მისი ყოფილი დედამთილის საჩივრის შემდეგ გამოწერა. გოშხეთელიანისთვის შემაკავებელი ორდერი ყოფილმა დედამთილმა სოციალურ ქსელში იანვარში გამოქვეყნებული სტატუსის გამო ითხოვა. აღნიშნულ სტატუსში დეა გოშხეთელიანი ყოფილი ქმრის ოჯახში მის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას ასახავდა. პოლიციამ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც გოშხეთელიანის დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. საქალაქო სასამართლომ პოლიციის გადაწყვეტილება მართებულად მიიჩნია, რასაც დღეს სააპელაციო სასამართლოც დაეთანხმა.
დეა გოშხეთელიანის ადვოკატი გიორგი ანთაძე გადაწყვეტილებას არაკანონიერად აფასებს და გეგმავს, რომ სარჩელით ამჯერად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.
„ნებისმიერ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს აქვს უფლება და მორალური ვალდებულება, რასაც ის განიცდის ოჯახში, ამის შესახებ ისაუბროს ხმამაღლა, მეტიც, მოუწოდოს ძალადობის მსხვერპლ დანარჩენ მოქალაქეებს ხმა აიმაღლონ ძალადობის წინააღმდეგ. შესაბამისად, როგორც პოლიციის, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და ხელახალ ვიქტიმიზაციას ახდენს. ამჯერად დეა გოშხეთელიანი სახელმწიფოს რეპრესიული აპარატის მსხვერპლია“ – განუცხადა პირველ არხს გოშხეთელიანის ადვოკატმა გიორგი ანთაძემ.