ქიმიურ თავდასხმებთან დაკავშირებით, ევროკავშირი რუსეთის ოთხ მოქალაქეს სანქციებს დაუწესებს
ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა ქიმიურ თავდასხმებთან დაკავშირებით, რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ოთხი ოფიცრის წინააღმდეგ სანქციები შეათანხმეს.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
როგორც მოსალოდნელია, ევროკავშირი სანქციებს 21 იანვარს ბრიუსელში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ოფიციალურად დაამტკიცებს.
სანქციები შეეხება რუსეთის დაზვერვის ოფიცრებს ანატოლი ჩეპიგასა და ალექსანდრ მიშკინს, რომლებსაც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება სოლსბერიში სკრიპალების ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამვლასთან უშუალოდ დაკავშირებულად მიიჩნევს.
2018 წლის ივნისში „ნოვიჩოკით“ ასევე მოიწამლა დიდი ბრიტანეთის სამი მოქალაქე. ერთ-ერთი მათგანი დონ სტერჯესი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დაგეგმილია, რომ რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრების წინააღმდეგ გამოყენებული იქნება სანქციების ახალი მექანიზმი, რომელიც მოიცავს ევროკავშირის ტერიტორიაზე ფულადი აქტივებს გაყინვას, საბანკო ბარათებით გადახდების ბლოკირებას.
რუსეთის ოთხი მოქალაქის გარდა, სანქციები დაუწესდება ასევე სირიის ხუთ მოქალაქეს.