დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურები აღარ გაერთიანდება 
დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურები აღარ გაერთიანდება 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ დაზვერვის სამსახური უსაფრთხოების სამსახურს აღარ შეუერთდება.

როგორც ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განუცხადა, აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

“დღეს მივმართეთ ბიუროს, გამოთხოვნილ იქნა ის კანონები, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სამსახურის გაერთიანებას. მიმდინარეობდა კონსულტაციები მთავრობის შიგნით, ასევე პარლამენტთან და მიღებულია მსგავსი გადაწყვეტილება. არგუმენტაციაზე ვერაფერს გეტყვით, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება”, – აღნიშნა თადუმაძემ.

საქართველოს პარლამენტის სპიკერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაწვეულია მთელი რიგი კანონპროექტები.

“გაწვეულია მთელი რიგი კანონპროექტები. პაკეტში შემავალი 112 პროექტიდან გაწვეულია 12 პროექტი. დაზვერვის სამსახური უნდა შეერთებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თუმცა შედგა საპარლამენტო კონსულტაციები, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ პაკეტის ეს ნაწილი გაწვეული იყოს. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაზვერვის სამსახურის გაერთიანება ინიცირებული აღარ არის”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.