დაზარალებული სპეცრაზმელის მეუღლე ნიკა გვარამიას მიმართავს - ურცხვად გვდებთ ბრალს, რომ გია ანტალიაში წავიდა დასასვენებლად, სიმართლის და ღმერთის გეშინოდეთ
თბილისში, რუსთაველის გამზირზე 20 ივნისის ღამეს დაზარალებული სპეცრაზმელის, გია ჯალაღონიას მეუღლე თამუნა ქობალია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სპეცრაზმელები მთავრობამ თურქეთში დასასვენებლად გაუშვა, სამარცხვინოს უწოდებს.
როგორც თამუნა ქობალია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, მის მეუღლეს თვალი აქვს დაზიანებული და მინისტრის ბრძანებით თურქეთში წაიყვანეს, რათა მხედველობა შეუნარჩუნდეს.
„მივმართავ ნიკა გვარამიას, ჩემი მეუღლე დიახაც, რომ აფხაზეთიდან არის. ოჯახი დევნილია, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და ცხოვრება ხელმეორედ დაიწყო. გია უწესიერესი ადამიანია, ის 2005 წლიდან ქვეყნის სამსახურშია. იბრძოდა სამაჩაბლოში და ყველგან, სადაც სამშობლოს დასჭირდებოდა. ის გულანთებული პატრიოტია. აქციის დროს თვალი დაუზიანდა და მხედველობა თითქმის დაკარგა. გაუკეთდა ოპერაცია. დღეს, მინისტრის ბრძანებით, გია თურქეთში, ქალაქ სტამბოლში წაიყვანეს, რათა მხედველობა შეუნარჩუნდეს. იმის მიუხედავად, რომ ჩვენს გვერდით დადგეთ და დაიცვათ ჩვენი უფლებები, ურცხვად გვდებთ ბრალს, რომ გია ანტალიაში წავიდა დასასვენებლად. სიმართლის და ღმერთის გეშინოდეთ. სირცხვილი ნიკა გვარამია. ახლა კი ვდებ ბილეთებს, იმის დასტურად, რომ გია ნამდვილად სტამბოლში მიემგზავრება. ამ მძიმე დღეებში ვცდილობდი, არ დავცემულვიყავი, თქვენ, პატივცემულო გვარამიავ, ეს შეძელით“, – წერს თამუნა ქობალია.
