დავით ზალკალიანი - ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა, ეს არის ძალიან კარგი საფუძველი ნატო-ს მომავალი წევრობისთვის
დავით ზალკალიანი - ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა, ეს არის ძალიან კარგი საფუძველი ნატო-ს მომავალი წევრობისთვის

ნატო უნიკალური ორგანიზაციაა იმ თვალსაზრისით, რომ ამ ორგანიზაციაში გადაწყვეტილებებს იღებენ ნატო-ს წევრი ქვეყნები და არც ერთ მესამე სხვა ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება ნატო-ს მიღებულ გადაწყვეტილებებზე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს გადაწყვეტილებები დაკავშირებულია იმ პრინციპებთან, რაზეც არის დაფუძნებული ეს ორგანიზაცია.

„ვაშინგტონის შეთანხმების მეათე მუხლში პირდაპირ წერია, რომ ნატო-ში მიიღებენ ქვეყანას, რომელიც არის ევროპული, ევროპული დემოკრატიის ქვეყანა და რომელიც აღიარებს იმ პრინციპებს, რა პრინციპებზეც ეს ორგანიზაცია არის დაფუძნებული. საჭიროა, ნატო-ს წევრმა ყველა ქვეყანამ გამოავლინოს ერთიანობა ამ პოზიციის დაცვაში, რადგანაც ეს მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციისთვის თავად და მისი ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიცია, მიუხედავად იმისა, რას აცხადებს რუსეთის ფედერაცია, არ შეიცვლება. ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი არის სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ეს არის ასევე დაფიქსირებული და ასახული ჩვენს მთავარ დოკუმენტში, კონსტიტუციაში, ისევე როგორც საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში. ამიტომ, ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს დასახულ მიზანს, ვართ თანმიმდევრული ამაში. ამავე დროს, ჩვენი პოლიტიკით, ჩვენი პროგნოზირებადი ნაბიჯებით, თანმიმდევრულობით, იმით, რომ საქართველოს აქვს აღებული ძალის არგამოყენების იურიდიული ვალდებულება და ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ მშვიდობიანი გზებით აღდგება, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ ვართ სრულ თანხვედრაში ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად ამ პოზიციაში და ვამზადებთ ქვეყანას სწორედ იმ რეფორმებით, პოლიტიკური, ეკონომიკური რეფორმებით, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებით საბოლოო მიზნის მიღწევისთვის“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, ქვეყანა უნდა მომწიფდეს და ასევეპარტნიორებიც, რომ მიღებულ იქნას პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანა, ეს არის ძალიან კარგი საფუძველი ჩვენი მომავალი წევრობისთვის. მინდა დროით ცოტა უკან დავიხიოთ და გადავინაცვლოთ იმ პერიოდში, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნების გაწევრიანების საკითხი იდგა ნატოში და იგივე რიტორიკა იყო, რა განსხვავებულ რიტორიკას ხედავთ თქვენ რუსეთის მაშინდელი რიტორიკისგან, მაგრამ დღეს ბალტიის წევრი ქვეყნები ნატო-ს წევრი ქვეყნები არიან და ეს შემდგარი ფაქტია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთვის დამაბრკოლებელი ეს არ უნდა იყოს, ისევე როგორც დამაბრკოლებელი არ უნდა იყოს ჩვენი ნატო-ელი და დასავლელი პარტნიორებისთვის. მთავარია, ჩვენ ვიყოთ თანმიმდევრული, ვიცოდეთ, რა არის ჩვენი საბოლოო მიზანი და ამ მიზნებისკენ მიმავალი გზები იყოს ზუსტად კოორდინირებული და თანმიმდევრული ჩვენს ევროპელ და ნატოელ პარტნიორებთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.