დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს წელს რეკორდული რაოდენობის პოლიტიკური ლიდერი დაესწრება
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს წელს რეკორდული რაოდენობის პოლიტიკური ლიდერი დაესწრება

შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისთვის ემზადებიან, რომელიც 23-26 იანვარს გაიმართება.

ფორუმს წელს რეკორდული რაოდენობის პოლიტიკური ლიდერი, ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლი დაესწრება.

2000 წლის შემდეგ პირველად, დავოსში შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩავა.

18 წლის წინ ფორუმს ბილ კლინტონი სტუმრობდა, ახლა კი შვეიცარიაში ჩასვლას დონალდ ტრამპი გეგმავს.

1997 წლის შემდეგ, ფორუმში მონაწილეობა არ მიუღია ინდოეთის პრემიერ-მინისტრს და ამ „ტრადიციას“ წელს ნარენდრა მოდი დაარღვევს.

წინასწარი ინფორმაციით, დიდი შვიდეულის ლიდერებიდან დავოსში მხოლოდ იაპონიის პრემიერ-მინისტრი არ ჩავა.

ფორუმზე სიტყვით გამოვლენ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი პაოლო ჯენტილონი.

დავოსში ჩადიან მონარქებიც, მათ შორის ესპანეთის მეფე ფილიპე VI და იორდანიის მეფე აბდულა II.

რუსეთის დელეგაციას ფორუმზე ვიცე-პრემიერი არკადი დვორკოვიჩი უხელმძღვანელებს.

9-წლიანი პაუზის შემდეგ, დავოსში ჩადის სომხეთის დელეგაცია პრემიერ-მინისტრის, კარენ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით.

ღონისძიებებში მონაწილეობენ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

საქართველოს დელეგაციას უკვე მესამედ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს.

ფორუმში მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები – გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯიმ იონგ კიმი.

დავოსის ფორუმის სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესმენი ბილ გეითსი, მომღერალი ელტონ ჯონი და მსახიობი კეიტ ბლანშეტი.