დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ პირველად გამოჩნდნენ ერთად
დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ პირველად გამოჩნდნენ ერთად.
„ევრონიუსის“ პანელურ დისკუსიაზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმებამ უზარმაზარი სარგებელი მოუტანა სომხეთს, აზერბაიჯანსა და სამხრეთ კავკასიას.
„ეს მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება, ძალიან მტრული ურთიერთობების მქონე ქვეყნებმა ურთიერთობა თანამშრომლობაში გადაზარდონ. ჩვენ ეს გავაკეთეთ, აღვადგინეთ სამართლიანობა, საერთაშორისო სამართალი, ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და შემდეგ მივაღწიეთ მშვიდობას და შემდეგ გავჩერდით“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს მშვიდობის მისაღწევად მათი პოლიტიკური ნების გამო.
ხაჩატურიანმა აღნიშნა, რომ ერევნის მცხოვრებლებს ახლა შეუძლიათ თავიანთი მანქანებისთვის აზერბაიჯანული საწვავის შეძენა.
„წლების წინ თუ ამაზე ისაუბრებდით, მტრული რეაქცია იქნებოდა. მაგრამ ეს არის ახალი რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. ღმერთს მადლობა, რომ ჩვენი ორი ქვეყნის ლიდერებმა ეს გზა აირჩიეს, მომავალი, ჩვენი ქვეყნების მშვიდობა“, – განაცხადა ხაჩატურიანმა.