დავითაშვილი ჯანმრთელადაა - ქართველი განაცხადში დაგვიანებული ტესტირების გამო ვერ მოხვდა
დავითაშვილი ჯანმრთელადაა - ქართველი განაცხადში დაგვიანებული ტესტირების გამო ვერ მოხვდა

რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურის შეხვედრა „როტორსა“ და „კრასნოდარს“ შორის, დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ჩაიშალა. კითხვა გაჩნდა მასპინძელთა განაცხადში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშილის არყოფნის გამო.

პრემიერლიგის ოფიციალური გვერდის ცნობით, ვოლგოგრადის გუნდში ინფიცირებულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, დადებითი პასუხი ორ ქართველსაც დაუდგინეს – ბექა მიქელთაძეს და ნიკა ყიფიანს. ვოლგოგრადის გუნდში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მატჩის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელი აღმოჩნდა და რეგლამენტის შესაბამისად, „როტორს“ ტექნიკური დამარცხება ჩაეთვალა – 0:3.

როტორის” მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ხაცკევიჩმა მატჩის ჩაშლის შემდეგ, Match TV-ს ეთერში თქვა: „დღეს დილით, მატჩზე გამოცხადებულმა 16-მა ფეხბურთელმა სისხლი ჩააბარა და ყველას ნეგატიური ტესტი აღმოაჩნდა”.

გუნდში ტესტი 16-ზე მეტმა ადამიანმა ჩააბარა. სად წავიდა 4 მოთამაშე და მათ შორის დავითაშვილი – ვირუსი მასაც ხომ არ აქვს? ეს კითხვა რუსულ მედიაში ბევრმა დასვა, რადგან 19 წლის ქართველი სამატჩო განაცხადშიც არ ფიგურირებდა. არადა, სანაკრებო მატჩების შემდეგ რუსეთში სრულიად ჯანმრთელი გაემგზავრა.

ფეხბურთელის ოჯახში საქართველოს პირველ არხს უთხრეს, რომ ზუკა დავითაშვილი ჯანმრთელადაა, მაგრამ მას ტესტირება დაგვიანებით ჩაუტარდა, რომლის პასუხიც უცნობია იყო იმ დროს, როდესაც გუნდის განაცხადს ავსებდნენ. ასეთ შემთხვევაში კი ფეხბურთელის განაცხადში შეყვანა დაუშვებელია.