დავით ზილფიმიანი - სისულელეა, ვეტოს რას ვადებთ? ვინც ითხოვს ვეტოს, იმათ დროს კიდევ უფრო მძაფრი იყო ეს კანონი
დავით ზილფიმიანი - სისულელეა, ვეტოს რას ვადებთ? ვინც ითხოვს ვეტოს, იმათ დროს კიდევ უფრო მძაფრი იყო ეს კანონი

ვინც ითხოვს ვეტოს, იმათ დროს კიდევ უფრო მძაფრი იყო ეს კანონი და ის ახალგაზრდა როგორ უნდა დაისაჯოს 500 ლარით, რომელმაც გაგინა, აგრესია გამოხატა და თავზე ნაგავი დაგაყარა, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა.

როგორც ზილფიმიანმა აღნიშნა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ორი არსებითი ცვლილება შევიდა, ერთი ეხებოდა წინასწარი დაკავების ვადას და მეორე წვრილმან ხულიგნობას.

„ჩვენი მხარდაჭერა გამოიხატებოდა იმაში, რომ მოძველებული დეფინიცია – წვრილმანი ხულიგნობა უნდა შეიცვალოს. მაგალითიც მივიყვანე. როცა ეს კანონი იქმნებოდა 70-80-იან წლებში, წარმოუდგენელი იყო ახალგაზრდა ადამიანს შეურაცხყოფა მიეყენებინა, ეგინებინა, თავზე ნაგავი დაეყარა ადამიანისთვის. ამას ჰქვია წვრილმანი ხულიგნობა და წვრილმანი ხულიგნობაა ისიც, რომ ღამის 03:00 საათზე შეყვარებულმა ბალადა უმღეროს შეყვარებულს. ესეც წვრილმანი ხულიგნობაა. ერთნაირად როგორ შეიძლება, დაისაჯოს? ეს არის ერთნაირად დასჯა. შეყვარებულის შემთხვევაში ეს საერთოდ ხულიგნობაშიც კი არ უნდა ჩაითვალოს. მეორე შემთხვევაში კი ისიც ცოტაა, რაც დღეს გვაქვს. ჩამონათვალი, დეფინიცია წვრილმანი ხულიგნობისა, დროა, უკვე გავმიჯნოთ და ყველაფერს მივცეთ თავისი სახელი. ამიტომ იყო ჩემი გამოსვლა მძაფრი და დღესაც ამ აზრზე ვარ. წვრილმან ხულიგნობაში შედის ზოგიერთი ისეთი ქმედება, რომელიც დაუშვებელია. ის 500 ლარით არ უნდა შემოიფარგლოს. როგორ შეიძლება, თუ სხვის მეუღლეს აგინებ, არაფერი არ იყოს და თუ საკუთარ მეუღლეს აგინებ, მაშინ ციხეში წახვიდე? როგორ შეიძლება, აგრესია მიიტანო, ვიღაცას აგინო ქუჩაში და შემოიფარგლო 100 და 500 ლარით“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

მისივე თქმით, თანამედროვე ეპოქაში წარმოიქმნა ისეთი ქმედებები, რომლებიც იდენტიფიცირებულია როგორც წვრილმანი ხულიგნობა, მაგრამ სინამდვილეში ის გაცილებით უფრო მძაფრი დანაშაულია, ვიდრე აქამდე შეიძლებოდა, ყოფილიყო.

„სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს ცნება წვრილმანი ხულიგნობის, დეფინიცია მოხდეს. ის, რაც მსუბუქია, საერთოდ არ უნდა ისჯებოდეს და დარჩეს ის ასი ლარი. მე არ ვარ მომხრე რაიმე სახის სასჯელზე, დიდ სასჯელზე, მაგრამ საჭიროა გამიჯვნა, შემდეგ უკვე ადვილი იქნება, მოვახდინოთ, რაზე რა სასჯელი იქნება. ალბათ კვლავ გაგრძელდება აქციები და შიშია, რომ დიდხანს არ მოხდეს აქტივისტების დაკავება. ვფიქრობ, ეს არის მიზეზი, თორემ რატომ არ გამოდიოდნენ, რატომ არ აპროტესტებდნენ ადეიშვილის დროს შექმნილ კანონს, რომლის მიხედვითაც, სამი თვე იყო თავისუფლების აღკვეთა. ორმაგი სტანდარტების მომხრე არ ვარ. გულღიად, მომხრე ვარ, რომ ყველაფერზე იყოს მინიმალური სასჯელი, ოღონდ ქმედებას გააჩნია. ამიტომ, სისულელეა ვეტოს რას ვადებთ? ვინც თხოულობს ვეტოს, იმათ დროს კიდევ უფრო მძაფრი იყო ეს კანონი და ის ახალგაზრდა 500 ლარით როგორ უნდა დაისაჯოს, რომელმაც გაგინა, აგრესია გამოხატა და თავზე ნაგავი დაგაყარა“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების ნაწილი დღეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება.

როგორც პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, შეხვედრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თემაზე შედგება. ოპოზიციური პარტიების წევრების მოსაზრებით, პრეზიდენტმა ცვლილებებს ვეტო უნდა დაადოს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მომზადებული ცვლილებების თანახმად, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, ახლებურად ყალიბდება სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე სანქციები (173-ე მუხლი). კანონპროექტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას – 2 000 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას – 3 500 ლარიდან 4 500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით. კანონის დღემდე მოქმედი რედაქციით, სამართალდამცველის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე გათვალისწინებულია ჯარიმა 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ამასთან, ცვლილებებით, წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის ფაქტზე ფულადი ჯარიმები ორმაგდება (166-ე მუხლი). ცვლილებებით კონკრეტდება, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას – 3 500 ლარიდან 4 500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

ასევე, იცვლება ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადა და 48 საათიდან 24 საათამდე მცირდება.