დავით ზილფიმიანი - გვამები მოიკითხონ თავისნაირებში, სადაც არის უგულავა, კაკო ბობოხიძე, სააკაშვილს ვურჩევ, დაფიქრდეს, რას ამბობს
დავით ზილფიმიანი - გვამები მოიკითხონ თავისნაირებში, სადაც არის უგულავა, კაკო ბობოხიძე, სააკაშვილს ვურჩევ, დაფიქრდეს, რას ამბობს

იმ ავადმყოფური ქმედებების შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს წინაშე განახორციელა, მგონი, სერიოზულად აღქმადიც არ არის. მიმაჩნია, რომ გვამები ის დეპუტატები არიან იმ პარტიებში, რომელთაც არც კი ჰკითხეს და ისე ჩახსნეს. ასევე, რომელთაც თავიანთი სურვილის საპასუხოდ აბულინგებს და იმის თქმას ვერ ბედავენ, რომ პარლამენტში შემოსვლა უნდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ზილფიმიანი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

„გვამები მოიკითხონ იქ, სადაც არის უგულავა, კაკო ბობოხიძე და თავისნაირებში. იმ ადამიანზე რა უნდა ვთქვა, რომელსაც საქართველოსთვის მტრობის გარდა, არაფერი გაუკეთებია. მას ვურჩევ, რას ამბობს, დაფიქრდეს. ეგ ვერ დაფიქრდება, მაგრამ მაინც“, – აღნიშნა დავით ზილფიმიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციიდან არავინ შესულა საქართველოს პარლამენტში ოთხი გვამის გარდა, რომლებიც თავდაპირველად გაიყიდნენ და ეს საარჩევნო კამპანიის დაწყებამდეც ცნობილი ფაქტი იყო.