დავით ზილფიმიანი ცილისწამებისა და შეურაცხყოფის გამო რეგულაციების დაწესებაზე კანონპროექტის მომზადებას აპირებს
დავით ზილფიმიანი ცილისწამებისა და შეურაცხყოფის გამო რეგულაციების დაწესებაზე კანონპროექტის მომზადებას აპირებს

ოპოზიციონერი დეპუტატი, „ევროპელი სოციალისტების“ წევრი დავით ზილფიმიანი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებას აპირებს, რომელიც შეურაცხყოფის მიყენებასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე ახალ რეგულაციებს დააწესებს.

დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ ჯერ არ იცის, კანონპროექტში რა ჩაიწერება, მაგრამ განმარტავს, რომ ეს ცვლილებები მედიის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული და ოქროს შუალედის დაცვა მოხდება.

„ვცდილობთ, შეურაცხყოფებსა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე კანონპროექტის ინიცირება გავაკეთოთ. ეს მედიასთან შეხებაში არ არის, ეს არის რეალურად ისეთი შეურაცხყოფა, როცა ადამიანს ნაგავს თავზე აყრი. ამ ამბავსაც მოვესწარით. ან ადამიანზე ისეთ რამეს ამბობ, რაც ბუნებაში არ არის და არ შეგიძლია დამტკიცება, მაგრამ ამით ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ. ცილისწამების საკითხი საქართველოში საერთოდ არ დგას. რეალურად, ეს ყველაფერი სიტუაციას ამძაფრებს და ახალგაზრდობისთვის რთული ხდება თავისი მომავალი კარიერა პოლიტიკას დაუკავშიროს. იცით, რატომ? ამ პოლიტიკანურ ურთიერთობებს ხედავს. შესაძლოა, პოლიტიკის გამო მას ბევრი შეურაცხყოფის ატანა მოუწიოს“, – აცხადებს ზილფიმიანი.

პირველი არხის შეკითხვაზე, ამ ცვლილებებით რამდენად იქნება დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ასევე, იქნება თუ არა ეს ერთგვარად ცენზურის დაწესების მცდელობა, ზილფიმიანი პასუხობს: „თუ ადამიანზე რაიმეს იტყვიან, რაც მის შეურაცხყოფას იწვევს, ეს უნდა აიტანოს?!“

„წინ არ უნდა წავიდეთ? დღეს იმდენად მომრავლებულია პოლიტიკანები და მოტლიკინე ხალხი, რომ მათ ეს ხელს არ აძლევთ. მაგალითს გეტყვით – თქვენზე ითქვა, რომ რომელიღაც გარიგებაში იყავით ვიღაცასთან და ამ ვიღაცას საერთოდ არ იცნობთ, მაგრამ ამ ნათქვამით შეურაცხყოფა მოგაყენეს. როგორ უნდა დაიცვა თავი, უნდა ამტკიცო, რომ აქლემი არ ხარ? ვინც თქვა, უნდა მოსთხოვო, რომ ბოლომდე მიიყვანოს სათქმელი და ფაქტები დადოს. როგორ უნდა მოვთხოვოთ, ეს ჯერ არ ვიცი. ეს უნდა იყოს დასჯადი, მაგრამ რა ფორმით – ფინანსურად, სასამართლოს გზით, თუ რა ფორმით, ჯერ არ ვიცი. ამაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ზილფიმიანმა.