დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ ნინო ჯანგირაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს
დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ ნინო ჯანგირაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს

დეპუტატი დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილს შეურაცხყოფისთვის სასამართლოში უჩივლებს. ზილფიმიანი ნინო ჯანგირაშვილის ფეისბუქპოსტს პასუხობს.

ნინო ჯანგირაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ამ წელს სტატუსის დაწერა ვერ მაიძულა ახალმა წელმა, ვერც გოზინაყმა და ნაძვის ხემ, ვერც შობამ, ვერც ხვლიკმა და ნესვმა, ვერც ჩემს მეხსიერებაში ორი ყველაზე დიდი აფერისტის – ზილფიმიანისა და ინჯიას პარლამენტში შესვლამ, ვერც ივანიშვილისთვის საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის მინიჭება მაიძულებდა, ათას ძაღლსა და მამაძაღლს აქვს მიღებული, მაგრამ კორონავირუსთან ბრძოლისთვისო, ხალხო, კორონავირუსთანო! სად იბრძოლა კორონავირუსთან, ხომ ვერ მიმასწავლით?“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი.

დავით ზილფიმიანის თქმით, ნინო ჯანგირაშვილმა უსამართლოდ შეურაცხყო და მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა მოუწევს.

„ქალბატონო ნინო, თქვენს პოსტს გავეცანი, იმედის არხზე. გაოცებული ვარ თქვენი ჩემდამი შეურაცხყოფით. ყოველთვის თქვენი ხელშემწყობი ვიყავი, ყველა სატელევიზიო ტექნიკურ საკითხში და ეტყობა, უმადურობას აღარ აქვს საზღვარი.

მე ყოველთვის მედიისა და ჟურნალისტების ინტერესებს ვიცავდი და კვლავაც გავაგრძელებ, და თქვენ მათ რიგებს აღარ მიეკუთვნებით, იმ ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის, რაც დაუმსახურებლად მომაყენეთ; თქვენ მიმართ ვიხსნი ყოველგვარ ლოიალობას, რადგან ამიერიდან თქვენ ვეღარ გეწოდებათ ჟურნალისტი, რაც თქვენივე ქმედებამ განაპირობა.

თქვენ აუცილებლად უნდა წარადგინოთ ფაქტები და მტკიცებულებანი სასამართლოსა და ყველა სხვა ინსტიტუციაში, რომლებსაც აუცილებლად მივმართავ იმ ცილისმწამებლურ დანაშაულზე, რაც ჩაიდინეთ.

შეგახსენებთ, „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“. იმედია, ავტორი იცით.

ეს შობის ღამეს მოხდა და ცილისმწამებლისთვისაც არ მენანება შობის ბრწყინვალე დღესასწაულის მილოცვა.
გილოცავთ. ნაკლებად მჯერა, რომ შეძლებთ ამ წერილის თქვენს ცილისმწამებლურ საიტზე განთავსებას, ფეისბუქში.

მომავალ შეხვედრამდე, ჩემს ადვოკატებთან. კახური პირდაპირობა არ მაძლევს ფარული ქმედებების განხორციელებას, თქვენგან განსხვავებით.

თქვენდამი ყოველგვარი პატივისცემის გარეშე, დავით ზილფიმიანი“, – ნათქვამია დავით ზილფიმიანის განცხადებაში.