დავით ზალკალიანსა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების საქმეთა მინისტრს, უენდი მორტონს შორის ვირტუალური შეხვედრა გაიმართა
დავით ზალკალიანსა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების საქმეთა მინისტრს, უენდი მორტონს შორის ვირტუალური შეხვედრა გაიმართა

„უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-7 რაუნდის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების საქმეთა მინისტრს, უენდი მორტონს შორის ვირტუალური შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერის გამო.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის შემდგომი ურთიერთობების მთავარი გზამკვლევის, 2019 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ იმპლემენტაციის აქტუალობას.

საუბარი ასევე შეეხო თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობას, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პრიორიტეტულობას; ნატო-საქართველოს თანამშრომლობას; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობას.

შეხვედრის დასასრულს მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის მთავრობას „კარგი მმართველობის ფონდის“ მიერ ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერისთვის პანდემიის დროს ახალი საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში დახმარების მიზნით.

ასევე, განსაკუთრებულად აღინიშნა „კარგი მმართველობის ფონდის“ (GGF) ჩართულობა სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში, ასევე სასტიპენდიო პროგრამების მნიშვნელობა, რაც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიიღონ განათლება.

უორდროპის სტრატეგიული დიალოგი საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობების მთავარ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც მოიცავს თანამშრომლობის პრაქტიკულად ყველა მიმართულებას: პოლიტიკურ დიალოგს, საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, განათლებისა და კულტურის სფეროს, ხალხთა შორის კონტაქტებს.