საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო შვეიცარიის ეროვნულ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში, რა დროსაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-შვეიცარიის მეგობრულ და მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე, რომელიც მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ, საპარლამენტთაშორისო, რეგიონულ, კულტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს.
ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკას, რაც ასევე გახლავთ მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის გამოხატულება, განსაკუთრებით აღინიშნა მიმდინარე წლის სექტემბერში შვეიცარიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დაგეგმილი ვიზიტი.
საკუთარ გამოსვლაში მინისტრი მიესალმა საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლას, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და შვეიცარიას შორის სავაჭრო ეკონომიკური კავშირების განვითარებას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამ კონტექსტში დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა იმ კონკრეტულ საინვესტიციო და ეკონომიკურ პროექტებს, რომელიც უკვე ხორციელდება და მნიშვნელოვანი სტიმულია სხვა შვეიცარიული კომპანიებისთვის ინვესტიცია განახორციელონ საქართველოში. მათ შორის განსაკუთრებით გაესვა ხაზი მემორანდუმს, რომელსაც ხელი მოეწერა მიმდინარე წლის ივნისს და ითვალისწინებს საქართველოში შტადლერის ქარხნის მშენებლობას.
„ცალკეული პროექტები ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველო შვეიცარიული კომპანიებისთვის საინტერესო და მიმზიდველია ინვესტიციებისა და ბიზნესის წარმოებისთვის“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრი ასევე მიესალმა შვეიცარიის სამხრეთ კავკასიასთან თანამშრომლობის 2017-2020 წლის სტრატეგიას, რომელიც მათ შორის საქართველოსთან მიმართებით მოიცავს კონკრეტულ პრიორიტეტებს ინსტიტუციური განვითარების, გარემოს დაცვის, ნდობის აღდგენისა და სხვა მიმართულებით.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.