დავით ზალკალიანმა შვედეთში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართა
დავით ზალკალიანმა შვედეთში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შვედეთში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დიასპორასთან ურთიერთობის პრიორიტეტულობას.

მისი თქმით, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რომ დაეხმაროს საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.

დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ყველა საელჩოს დავალებული აქვს დიასპორის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი დახმარება.

„დიასპორასთან ურთიერთობა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საქართველოს ყველა საელჩოს დავალებული აქვს დიასპორასთან აქტიური კომუნიკაცია. საელჩო თქვენი სახლია და შესაბამისად, აქ არ უნდა არსებობდეს ბარიერები”, – განაცხადა მინისტრმა შვედეთში ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, მას დიასპორასთან დაკავშირებული საკითხები პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი და მუდმივად საქმის კურსშია მიმდინარე საჭიროებებთან დაკავშირებით.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო მოწადინებულია მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რაც ქართულ დიასპორას აწუხებს. შეხვედრაზე მან მიმოიხილა დიასპორასთან კავშირების განმტკიცების მიმართულებით უკვე განხორციელებული პროექტები და ინიციატივები, კერძოდ, საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, დიასპორის ინიციატივების დაფინანსების ფონდი და ასევე, ერთიანი უნივერსალური საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა.

დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებს ასევე გააცნო საქართველოში მიმდინარე პროექტები, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას. როგორც მინისტრმა აღინიშნა, პრემიერ-მინისტრის პრიორიტეტი სწორედ ინკლუზიური ეკონომიკის განვითარება და მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაა. ქვეყნის განვითარების გზაზე მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობას და ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო პარტნიორებთან ერთად დგამს ამ მიმართულებით.

დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა შვედეთში მისი ვიზიტის, გამართული შეხვედრებისა და ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის შესახებ.