დავით ზალკალიანმა შვედ კოლეგასთან შეხვედრა გამართა
დავით ზალკალიანმა შვედ კოლეგასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შვედეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა შვედ კოლეგასთან ენ ლინდესთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგი. კმაყოფილებით აღინიშნა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი შვედეთში და მისი მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებულ მინისტერიალში. ​შვედურმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს და ხელშესახებ შედეგებს და გამოთქვა მზადყოფნა მომავალში აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზნებს.

„მინისტრებმა მიმოიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებელი საკითხები. ქართულმა მხარემ შვედეთს გააცნო საკუთარი ხედვა პარტნიორობის 2020 შემდგომი მიზნების შესახებ, რაც ითვალისწინებს წვერი ქვეყნებისთვის სურვილის და მისწრაფებებს შესაბამისად ევროკავშირთან ინტეგრაციის დამატებითი შესაძლებლობების გახსნას, როგორც ეკონომიკის, ასევე განათლების, კავშირების და სხვა მიმართულებით. დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა შვედეთს აღმოსავლეთ პარტნიორობის იდეის ინიცირებისთვის და ხაზი გაუსვა ამ ფორმატის შემდგომ წარმატებაში შვედეთის განსაკუთრებულ როლს. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესაძლებლობები და ადგილზე შექმნილი რთული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ საკითხის მიმართ აქტიურობის და როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნების აუცილებლობა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.