დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, იოჰანეს ვანდერ კლაუსთან.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა იოჰანეს ვან დერ კლაუს მადლობა გადაუხადა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლის რანგში საქართველოში გაწეული ძალისხმევისათვის და ჰუმანიტარული პროექტებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენას.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობაზე გამახვილდა.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის​, მათ შორის ორგანიზაციის თბილისის ოფისის მნიშვნელოვანი როლი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.

მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა პრიორიტეტულ საკითხებზე.