დავით ზალკალიანმა „რელიგიის ან რწმენის თავისუფლების ხელშეწყობის“ რიგით მესამე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
დავით ზალკალიანმა „რელიგიის ან რწმენის თავისუფლების ხელშეწყობის“ რიგით მესამე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2020 წლის 16 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო „რელიგიის ან რწმენის თავისუფლების ხელშეწყობის“ რიგით მესამე მინისტერიალში (2020 Ministerial to Advance Freedom of Religion or Belief), რომელიც აშშ-სთან თანამშრომლობით, პოლონეთის ორგანიზებით, ვირტუალურ ფორმატში გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაღალი დონის კონფერენციის მიზანია მსოფლიოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების კუთხით არსებული გამოწვევების განხილვა და მისი დაცვის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერება.

კონფერენციის გახსნით ნაწილში აუდიტორიას სიტყვით მიმართეს პოლონეთის, როგორც მასპინძელი ქვეყნის  საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნიევ რაუმ და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ. მინისტერიალის მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა ისაუბრა პანდემიის შედეგად მსოფლიოში შექმნილი კრიზისის პირობებში ადამიანის უფლებების, მათ შორის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის მნიშვნელობაზე.

„მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარისთვის, ქვეყნის ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მტკივნეული და შემაშფოთებელია რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არსებული უკიდურესად მძიმე ვითარება. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართველ მართლმადიდებელ ქრისტიანებს ხშირად არ ეძლევათ საშუალება ან უწევთ, რომ დაკავების/გატაცების რისკის ფასად მოინახულონ ახლობლების სასაფლაოები, ეკლესიები და რელიგიური მნიშვნელობის სხვა ადგილები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დავით ზალკალიანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განზრახ დაზიანების ფაქტებზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილ ურთულეს ვითარებასა და არსებულ დარღვევებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი რეაგირების აუცილებლობას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, რელიგიის თავისუფლების მინისტერიალი უკვე მესამე წელია, იმართება და აღნიშნული პლატფორმა 2018 წელს აშშ-ის ინიციატივით დაფუძნდა. ამ ფორმატში პირველი ორი შეხვედრა სწორედ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანიზებით ვაშინგტონში გაიმართა. 2020 წლის თებერვალში, ასევე, აშშ-ის ინიციატივით შეიქმნა საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ან რწმენის ალიანსი (IRFBA), რომლის წევრიც საქართველო დაფუძნების დღიდან არის.​