დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში „ალიანსი მულტილატერალიზმისთვის - ჩვენი წვლილი და ვალდებულება კრიზისის შემდგომი აღდგენის საქმეში“
დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში „ალიანსი მულტილატერალიზმისთვის - ჩვენი წვლილი და ვალდებულება კრიზისის შემდგომი აღდგენის საქმეში“

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო გერმანიისა და საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, „ალიანსი მულტილატერალიზმისთვის – ჩვენი წვლილი და ვალდებულება კრიზისის შემდგომი აღდგენის საქმეში“.

გამოსვლისას დავით ზალკალიანმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ გლობალურ საფრთხეებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, მრავალმხრივი დიპლომატიის როლსა და გაერო-ს ქარტიის დებულებების განუხრელად დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს, მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დგას, რომელსაც ცალკე აღებული ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება. ამავდროულად, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა პანდემიამდე არსებულ იმ გლობალურ გამოწვევებს, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის კრიზისმა კიდევ უფრო გაამწვავა. აღნიშნულ კონტექსტში მინისტრმა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და მისგან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.

გამოსვლის დასასრულს, დავით ზალკალიანმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რეაგირების გარეშე არ დატოვოს საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფის ფაქტები.

ინიციატივას „ალიანსი მულტილატერალიზმისთვის“ საფუძველი 2019 წელს, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ჰაიკო მასმა და ჟან-ივ ლე დრიანმა ჩაუყარეს. ინიციატივის მიზანია, განამტკიცოს საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე დაფუძნებული მრავალმხრივი სისტემა და ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებას მსოფლიოში.

ღონისძიებაში 70-ზე მეტი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პირმა მიიღო მონაწილეობა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.