დავით ზალკალიანმა მაღალი დონის მინისტერიალზე რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე ისაუბრა
დავით ზალკალიანმა მაღალი დონის მინისტერიალზე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე ისაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
„15 თებერვალს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის მინისტერიალში, რომელიც სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში დაუსაბუთებელი/თვითნებური დაკავების წინააღმდეგ შემუშავებული დეკლარაციის (Declaration Against the Use of Arbitrary Detention in State-to State Relations) მიღებას მიეძღვნა.
ღონისძიება ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მათ შორის კანადის (ორგანიზატორი ქვეყანა), ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
დავით ზალკალიანმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, რისი მიზანიც სწორედ საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერებაა. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების საკითხზე და ხაზი გაესვა საოკუპაციო რეჟიმების მიერ ზაზა გახელაძისა და ყველა სხვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობას“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ უკანონო დაკავებებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, მათ შორის ეთნიკური ნიშნით, ასევე მიმდინარე ოკუპაციაზე, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, რაც მკაფიოდ დასტურდება ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებით. დავით ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ მინისტერიალზე მიღებული დეკლარაცია, უცხო ქვეყნის მთავრობებზე ზეწოლის განხორციელების მიზნით მოქალაქეების უკანონო დაკავებების აღსაკვეთად წინ გადადგმული, ქმედითი ნაბიჯი იქნება აღნიშნული გამოწვევის აღმოფხვრის მიზნით.