დავით ზალკალიანმა ლიბიელ კოლეგასთან ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საკითხი განიხილა
დავით ზალკალიანმა ლიბიელ კოლეგასთან ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საკითხი განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ლიბიელ კოლეგას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრის პარალელურად, შეხვედრაზე განიხილეს ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საკითხი.

დავით ზალკალიანმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების პროცესში ჩართულობისთვის და ასევე იმედი გამოთქვა, რომ დანარჩენ პირებთან მიმართებითაც ლიბია ძალისხმევას არ დაიშურებს პროცესის დროული დასრულებისა და მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნებისათვის.

„როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ქართული მხარე ყურადღებით ადევნებს თვალს ლიბიაში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოთქვამს, რომ ლიბიის მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერით შეძლებს ქვეყნის მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარების უზრუნველყოფას.

მხარეებმა გამოთქვეს დაინტერესება განავითარონ მეგობრული ურთიერთობები, როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.