დავით ზალკალიანმა კვიპროსელ კოლეგას უმასპინძლა
დავით ზალკალიანმა კვიპროსელ კოლეგას უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კვიპროსელ კოლეგას, ნიკოს ხრისტოდულიდისს უმასპინძლა.

ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა ურთიერთობების გაღრმავებასა და ახალ პერსპექტივებზე ისაუბრეს.

როგორც დავით ზალკალიანმა ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, კვიპროსელ და ქართველ ხალხს აკავშირებს როგორც ისტორიული წარსული და კულტურული კავშირები, ასევე ევროპული ფასეულობები და საერთაშორისო სამართლის უნივერსალური პრინციპების დაცვა, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემა.

„ჩვენი ურთიერთობები პოზიტიურად ვითარდება. ჩვენი მიზანია ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება წარმოადგენს. ამას ემსახურება ბიზნესფორუმი, რომელიც ხვალ თბილისში გაიმართება. გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველო-კვიპროსის მოქმედი ბიზნესასოციაცია და საქართველო-კვიპროსის ბიზნესკლუბის საქმიანობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, სამომავლოდ ორ მხარეს შორის დიალოგი კვიპროსში პირდაპირი ფრენების თაობაზეც გაგრძელდება, ამჯერად საქართველოს დედაქალაქიდან.

„მისასალმებელია პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისი-ლარნაკა-ქუთაისის მიმართულებით. შესაბამისი ინსტიტუციები გააგრძელებენ მუშაობას, რათა დედაქალაქებს შორისაც ამოქმედდეს პირდაპირი ფრენები. ჩემს კოლეგასთან ერთად ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის ჯანდაცვისა და მედიცინის, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

საქართველო-კვიპროსის ურთიერთობების მნიშვნელოვან ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში თანამშრომლობა წარმოადგენს. დიდია კვიპროსის სიძველეთა დეპარტამენტის წვლილი კვიპროსის დაბა ღალიის ტერიტორიაზე ღვთისმშობლის სახელობის ქართული მონასტრის აღმოჩენის საქმეში, რომლის არქეოლოგიური კვლევა 2006 წელს დაიწყო. 2015 წელს თბილისში გაიმართა ღალიის სამონასტრო კომპლექსში აღმოჩენილი არტეფაქტების გამოფენა. კვიპროსის ტერიტორიაზე, ალამინოსსა და სოფტადესში ​ახალი ქართული კერების გამოსავლენად არქეოლოგიური პროექტები მიმდინარეობს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის და საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემისთვის.

„საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კვიპროსი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია და მას ეს არაერთხელ გამოუხატავს. კვიპროსის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ამ მხარდაჭერისა და სოლიდარობის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა. ცოტა ხნის წინ ეს მხარდაჭერა კვიპროსის მმართველი პარტიის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაშიც აისახა.​ მინისტრთან ერთად ჩვენ განვიხილეთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები და თანამშრომლობის გზები. კვიპროსელ კოლეგასთან შეხვედრისას, მომეცა საშუალება, მისთვის გამეზიარებინა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. მსურს, ვისარგებლო ამ შემთხვევით და გამოვხატო ჩვენი მადლიერება კვიპროსის მთავრობისადმი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩართულობისთვის“, – აღნიშნა ზალკალიანმა.