დავით ზალკალიანმა კატარელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა
დავით ზალკალიანმა კატარელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კატარის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. დავით ზალკალიანმა კმაყოფილებით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ კატარი ყურის არაბული ქვეყნებიდან პირველია, რომელმაც გახსნა საელჩო საქართველოში 2013 წელს, რასაც წინ უძღვოდა 2012 წელს საქართველოს საელჩოს გახსნა კატარში.

დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და კატარს შორის თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზეც.

„მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მზარდი დინამიკით გამოირჩევა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ისე სხვადასხვა დარგობრივ უწყებებს შორის. ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები კატართან არის პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ სახელმწიფოს შორის ტურიზმის მიმართულებით მიმდინარე აქტიურ თანამშრომლობას და გამოთქვა იმედი, რომ საქართველოსა და კატარს შორის საქმიანი ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება. მინისტრმა საქართველოს მთავრობის სახელით კატარელ ხალხს ეს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცა და მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა უსურვა.