დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა
დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა

საქართველოს ​საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტად მყოფ გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკის საკითხებში, როზმარი დიკარლოს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა როზმარი დიკარლოს მჭიდრო თანამშრომლობისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში გაერო-ს აქტიური ჩართულობისთვის.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული მდგომარეობა განიხილეს, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და ბოლო პერიოდში საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მიმდინარე განვითარებებზე.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში გაერო-ს მნიშვნელოვან როლს.

მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა ყველა პრიორიტეტულ საკითხზე. გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოს 27-28 ოქტომბრის პერიოდში სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა ასევე, საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.