დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გახსნა
დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გახსნა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გახსნა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტი ჰენრიკ დაემსი, ასევე საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია.

დავით ზალკალიანმა მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ვრცლად ისაუბრა საქართველოში ზამთრის ტურიზმის მზარდ პოტენციალზე.

„ზამთარი საქართველოში ვიზიტორებს დასვენების მრავალ სპექტრს სთავაზობს, იქნება ეს ულამაზესი ლანდშაფტები, ველური ბუნება, მაღალი მთები, განვითარებული სათხილამურო ინფრასტრუქტურა, ქართული სტუმართმოყვარეობა თუ სხვა”,- განაცხადა მინისტრმა.

გამოფენა, რომელიც ორგანიზებულია ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ, ევროპის საბჭოს შენობაში რამდენიმე თვეს გასტანს.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.