დავით ზალკალიანმა ესპანელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა
დავით ზალკალიანმა ესპანელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა

მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ესპანეთის სამეფოს საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ არანჩა გონზალეს ლაიასთან.

ზალკალიანმა კოლეგას მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში.

შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ესპანეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა სურვილი მიმართოს ძალისხმევა სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის უფრო გააქტიურებისთვის, მათ შორის ეკონომიკური განზომილების გაძლიერების თვალსაზრისით.

თავის მხრივ, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ესპანეთთან თანამშრომლობის პრიორიტეტულობას და მადლობა გადაუხადა, ესპანეთის საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის. მინისტრმა კოლეგას გააცნო საქართველოს დღის წესრიგი, როგორც ევროპული ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

საუბარი შეეხო უსაფრთხოების გარემოს რეგიონში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩართულობას კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკაში.

ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისთვის ხაზი გაესვა უკვე არსებული ბრწყინვალე კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების მნიშვნელობას. მინისტრები შეთანხმდნენ აქტიურ და ინტენსიურ კომუნიკაციაზე.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.