დავით ზალკალიანმა ელჩებს მიმართა - მინდა, გამოვხატო გულწრფელი მადლიერება გაჭირვების დროს მეგობრობისთვის  
დავით ზალკალიანმა ელჩებს მიმართა - მინდა, გამოვხატო გულწრფელი მადლიერება გაჭირვების დროს მეგობრობისთვის  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლოპოტაზე, ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დისტანციური ურთიერთობა გარკვეულ ბარიერებს აჩენს დიპლომატიაში და კარგია, რომ თანდათანობით უბრუნდებიან იმ ჩვეულ რეჟიმს, რასაც დიპლომატიაში პერსონალური ურთიერთობა ჰქვია.

ზალკალიანმა ელჩებს პანდემიის პერიოდში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოუთმენლად ველოდი იმ დღეს, როდესაც ასეთი შემადგენლობით კვლავ შევიკრიბებოდით, რადგანაც კარგად მოგეხსენებათ, ჩვენთის, დიპლომატებისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია ფიზიკური ურთიერთობა და ის, რაც დიპლომატიაში ყოველდღიური საქმიანობაა.

მე ჩემს კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრებთან მქონდა შეხვედრა ბოლო თვეების განმავლობაში, დღესაც მქონდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა და მანაც გამოთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ვიდეოკონფერენციები და, ასე ვთქვათ, დისტანციური ურთიერთობა, გარკვეულ ბარიერებს აჩენს დიპლომატიაში და კარგია, რომ დღეს უკვე გვაქვს შესაძლებლობა და ჩვენ თანდათანობით ვუბრუნდებით იმ ჩვეულ რიტმს და იმ ჩვეულ რეჟიმს, რასაც დიპლომატიურ ურთიერთობებში პერსონალური ურთიერთობა ჰქვია.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა გითხრათ იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც იყო არსებითი და ხელშესახები ბოლო 4 თვის განმავლობაში, რაც პანდემია დაიწყო“,- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, პრემიერის დავალებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობდა ორი მთავარი ამოცანის ირგვლივ – უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების ადგილზე დახმარება, სამშობლოში მათი ეტაპობრივი დაბრუნება და ქვეყნის ყველა პარტნიორთან საქმიანობა.

„ჩვენ მრავალი მიმართულებით ვსაქმიანობდით იცით თქვენ, რომ საგარეო საქმეთა სამინსიტროს პრემიერ-მინისტრმა და საკოორდინაციო საბჭომ განგვისაზღვრა ორი ძირითადი ამოცანა. მთავარი ამოცანა ეს იყო ჩვენი მოქალაქეების დახმარება ადგილზე და ასევე, მათი ეტაპობრივი დაბრუნება სამშობლოში.

ასევე, მნიშვნელოვანი იყო ამ კრიზისის დროს ყველა ჩვენს პარტნიორთან საქმიანობა, რათა მომხდარიყო საქართველოს მხარდაჭერა. მოგეხსენებათ, რაოდენ რთული იყო, გართულდა წვდომა რესურსებზე, გართულდა წვდომა იმ მნიშვნელოვან პროდუქციაზე, რაც ესოდენ მნიშვნელოვანი იყო ჯანდაცვის სისტემისთვის.

ყველა ქვეყანას ჰქონდა გარკვეული პრობლემები და მე მინდა, კიდევ ერთხელ ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო სწორედ გაჭირვების დროს მეგობრობისთვის და იმ რთული გადაწყვეტილებისთვის, რომელიც თქვენი მთავრობის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

დაკეტილი იყო საზღვრები, სახმელეთო, საჰაერო. რთული იყო მოპოვება იმ პროდუქციის, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი იყო ჯანდაცვის სისტემის გამართული მუშაობისთვის, მაგრამ მართლაც თქვენი დახმარებით, ჩვენ ეს შევძელით და მადლობა ღმერთს, რომ ყველამ ასე კარგად და ეფექტიანად ვიმუშავეთ.

ასევე, მადლობა იმ ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომლის მობილიზაციაც მოხდა იმ პერიოდის განმავლობაში, როგორც ევროკავშირის დახმარებით, ისე ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის დახმარებით. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, მაგრამ მაინც მინდა ჩამოვთვალო ჩვენი ევროკავშირი და ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ჩინეთი, ჩვენი მეზობლები, რომელთანაც ყოველდღიური მუშაობის რეჟიმში ვიყავით და ჩვენ ვეხმარებოდით ჩვენი მოქალაქეების გაყვანაში ამა თუ იმ ქვეყნიდან, ასევე სამხრეთ კორეა, სადაც ჩვენ ტესტების დახმარების კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი იქნა გაღებული, იაპონია, რომელმაც საქართველოს მნიშვნელოვანი სამედიცინო პროდუქცია მიაწოდა. საერთაშორისო ორგანიზაციები – გაერო, სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის საერთაშორისო განვითარების ბანკი და სხვა“,- განაცხადა ზალკალიანმა.

ელჩებთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გირგი გახარია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი.