დავით ზალკალიანმა ჟენევის მოლაპარაკებების ახლად დანიშნულ თანათავმჯდომარესთან, ანიკა სოდერთან ონლაინშეხვედრა გამართა
დავით ზალკალიანმა ჟენევის მოლაპარაკებების ახლად დანიშნულ თანათავმჯდომარესთან, ანიკა სოდერთან ონლაინშეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ონლაინშეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის მოლაპარაკებების ახალდანიშნულ თანათავმჯდომარესთან, ანიკა სოდერთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა თანათავმჯდოამრეს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და ხაზი გაუსვა ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლის როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. დავით ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ ეუთო-ს შვედეთის თავმჯდომარეობის შედეგზე ორიენტირებული ჩართულობის შედეგად, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში პროგრესი შესაძლებელი გახდება.

„მინისტრმა ახალ თანათავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ბოლოდროინდელ პროვოკაციებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ადგილობრივთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, ეთნიკურ დისკრიმინაციასა და სამედიცინო ევაკუაციის შეფერხებაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ანექსიურ პროცესებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლად გათავისუფლების, ასევე დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მწვავედ დაისვა გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთის შეხვედრების რეგულარულად გამართვის საკითხი.

„საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და ჟენევის მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობას. მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ კუთხით ეუთოსა და სხვა თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციების ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობას, როგორც მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე პროგრესის წინაპირობას.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მნიშვნელობა და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ანიკა სოდერმა შეხვედრაზე დაადასტურა საკუთარი მზადყოფნა, თანათავმჯდომარის როლში აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ხელშესახები შედეგის უზრუნველსაყოფად.

დატოვე კომენტარი