დავით ზალკალიანმა და შარლ მიშელმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
დავით ზალკალიანმა და შარლ მიშელმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის, განსაკუთრებით იმ კომპლექსური საერთაშორისო გარემოს გათვალისწინებით, რაც დაკავშირებულია გლობალურ პანდემიასთან.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობას ევროკავშირისთვის და აღნიშნულ რეგიონში სტაბილურობას და მდგრად განვითარებას.ამ მხრივ განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის წარმატებებს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში როგორც პანდემიასთან დაკავშირებული რთული გარემოს, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ხაზი გაესვა ევროკავშირის აქტიური და ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო „კოვიდ-19“ პანდემიის მხრივ საქართველოსა და ევროკავშირში არსებულ ვითარებას.

დატოვე კომენტარი