დავით ზალკალიანმა და მისმა პოლონელმა კოლეგამ ლეხ კაჩინსკის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
დავით ზალკალიანმა და მისმა პოლონელმა კოლეგამ ლეხ კაჩინსკის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

თბილისში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აეროპორტიდან პირდაპირ პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის მემორიალის პატივის მისაგებად გაემგზავრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა კოლეგამ ლეხ კაჩინსკის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

დავით ზალკალიანმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტი საქართველოსა და პოლონეთის ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

„მადლიერი ვართ ჩვენი კოლეგების, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიეტუვასა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე უკრაინის ვიცე-პრემიერის, რომლებიც ჩვენთან არიან ათი წლის შემდეგ ამ მძიმე დღეებში. ეს არის მათი მხრიდან კიდევ ერთი მხარდაჭერისა და სოლიდარობის დადასტურება . ბუნებრივია ამ მხარდაჭერას ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ ყველგან, ყველა საერთაშორისო ფორმატში, რაც გამოხატულია უამრავი მხარდამჭერი განცხადებით, რეზოლუციებით გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატებში, დისკუსიებით, რომლებიც ზუსტად მათი მხრიდან არის ინიცირებული. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს საქართველოს, მის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს. სწორედ ამ ქვეყნების ძალიან სერიოზული მხარდაჭერის იმედი გვაქვს მომავლში “, – განაცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კანჩინსკი საქართველოს ძალიან დიდი მეგობარი იყო, რომელიც  მძიმე წუთებში ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგა.

როგორც პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა აღნიშნა, დღევანდელი ვიზიტი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, საქართველოს მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებაა.