დავით ზალკალიანმა ბოტსვანელ და მოზამბიკელ კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა
დავით ზალკალიანმა ბოტსვანელ და მოზამბიკელ კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნიუ-იორკში მიმდინარე შეხვედრების ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის ორი მემორანდუმი გააფორმა. შედეგად, საქართველო აფრიკულ სახელმწიფოებთან, ბოტსვანასთან და მოზამბიკთან უფრო აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოტსვანას საგარეო საქმეთა მინისტრ უნითი დოუსთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლებისა და კულტურის თემატიკას, ასევე საქართველოს მიერ სახელმწიფო სექტორის რეფორმირების მხრივ არსებული გამოცდილების გაზიარებას.

„კმაყოფილებით აღინიშნა მიმდინარე წელს ბოტსვანას დედაქალაქში გამართული პირველი ქართული კულტურული ხასიათის ღონისძიება, ფოტოგამოფენა „საქართველოს შეხვედრა ბოტსვანასთან“ და ქართველი მხატვრის, სანდრო ერისთავის ნამუშევრების გამოფენა „აფრიკული ფერები, აფრიკული სული“. აღსანიშნავია, რომ ორივე ღონისძიება საქართველოს საელჩოსა და საქართველოს საპატიო კონსულის მოთუსი სერუმოლას მიერ იყო ორგანიზებული“, – აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ბოტსვანას საგარეო უწყების ხელმღვანელს ქართველმა კოლეგამ ინფორმაცია გაუზიარა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებისა და კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ.

კიდევ ერთი შეხვედრა მოზამბიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჟოზე პაშეკუსთან შედგა. ზალკალიანმა და პაშეკუმ აღნიშნეს, რომ მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს შემდგომი ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი საფუძვლის შექმნას.

„ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა უმასპინძლოს მოზამბიკის დელეგაციას თბილისში, ქვეყნებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების შემდგომი რაუნდის ჩასატარებლად. შეხვედრაზე მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები სამომავლო თანამშრომლობის სფეროებზე. კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოში უმაღლესი განათლების სფეროში არსებული პროგრამები, რაც საშუალებას აძლევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს უმაღლესი განათლება მიიღონ საქართველოში“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დატოვე კომენტარი