დავით ზალკალიანმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარესთან სატელეფონო საუბარი გამართა
დავით ზალკალიანმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარესთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარესთან, კონგრესმენ მაიკლ მაკქოლთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესია და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

„ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს და აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და კონგრესმენი მიესალმა საქართველოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა და ხაზი გაუსვეს არსებულ ვითარებაში საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობისა და სიმტკიცის მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციისა და ჰიბრიდული ტაქტიკის გამოყენების შედეგად ადგილზე შექმნილ მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენ მაკკოლს და აშშ-ის კონგრესს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერისთვის.

საუბრისას ხაზი გაესვა საქართველო-აშშ-ის ოცდაათწლიანი პარტნიორობის განმავლობაში აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული გაძლიერების, ეკონომიკური განვითარების, თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, რაც, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.