დავით ზალკალიანის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს პარტნიორების სრული მხარდაჭერა აქვს
დავით ზალკალიანის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს პარტნიორების სრული მხარდაჭერა აქვს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს მხარდაჭერა და დაგმეს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება და ადგილზე მიმდინარე უკანონო ქმედებები.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან და ეუთო-ს გენერალურ მდივანთან გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრებზე საუბრის ძირითად თემას წარმოადგენდა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა და მიმდინარე პროცესებზე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირება, ასევე განხილული იყო შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებისთვის ეფექტიანი ქმედებების განხორციელების გზები.

„საქართველოს აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, მათ შორის ჩვენს კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევაში, ასევე მოგეხსენებათ, რომ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებს მყისიერად მოჰყვა საერთაშორისო თანამეგობრობის გამოხმაურებები. ჩვენი მხრიდან პარტნიორების მიმართ არის თხოვნა, საქართველოს საკითხი მუდმივად იგდეს მათი რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში. ვმუშაობთ ყველასთან, რათა მოიძებნოს ეფექტური საშუალებები ვითარების დასარეგულირებლად.  ვისმენთ და ვითვალისწინებთ პარტნიორების რეკომენდაციებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, პარტნიორებთან შეხვედრაზე ცალსახად აღინიშნა მხარეების მიერ, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და ადგილზე უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი ვერ განიხილება იზოლირებულად, იმ რთული გეოპოლიტიკური სურათის გათვალისწინების გარეშე, რაც არსებობს, მათ შორის რეგიონში რუსეთის ქმედებები.

„სწორედ ამიტომ პარტნიორების მიმართ ჩვენი თხოვნა იყო, მოახდინონ ზემოქმედება რუსეთის ფედერაციაზე,  რათა მათი მხრიდან გამოხატულ  იქნას პოლიტიკური ნება და ჩვენ ვისმენთ რჩევებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამას ეფექტური გზების გამოყენებით. ვფიქრობ, ეს შეხვედრები ამ მხრივ შედეგიანი იქნება“ -განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს დელეგაცია გაერო-ში გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.