დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპის საბჭოს ქვეყნების რეაგირება იძლევა საფუძველს, რომ ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობა წარმატებულად შეფასდეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს პანდემიის პერიოდში მოუწია ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა. როგორც დავით ზალკალიანმა ლოპოტას ტბაზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, არც ერთ თავმჯდომარეს მსგავსი გამოწვევა არ ჰქონია. მისივე თქმით, ევროპის საბჭოს ქვეყნების მხრიდან რეაგირება იძლევა საფუძველს, რომ საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა წარმატებულად შეფასდეს.
„ამ პერიდოში ჩვენ მოგვიწია ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციის, ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობის დასრულება. ფაქტიურად, ექვსი თვიდან ნახევარი პანდემიის პირობებში მიმდინარეობდა. მე მგონი, არც ერთ თავმჯდომარეს მსგავსი გამოწვევა არ ჰქონია. ის რეაგირება, რაც გვქონდა ჩვენ ევროპის საბჭოს ქვეყნების მხრიდან და ასევე გენერალური მდივნის მხრიდან, ასევე ევროპის საბჭოს სხვა ხელმძღვანელი პირების მხრიდან, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი თავმჯდომარეობა იყო უაღრესად წარმატებული. ჩვენი ინიციატივები, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მართლაც რომ რევოლუციურ ინიციატივად შეფასდა, მხედველობაში მაქვს გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები, ეს არის სწორედ ის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენმა თავმჯდომარეობამ ამ პერიოდში დატოვა. მიხარია, რომ მომავალი თავმჯდომარეები საბერძნეთი და ასევე გერმანიაც, აგვყვა ამ ინიციატივაში. ეს ჩვენ მემკვიდრეობით უკვე გადავეცით მომავალ თავმჯდომარეებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 27 ნოემბერს გახდა. 15 მაისს კი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა საბერძნეთს ოფიციალურად გადააბარა.