დავით ზალკალიანი - ყველას მოვუწოდებ, გავუფრთხილდეთ იმ უმთავრეს მონაპოვარს, რასაც ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება ჰქვია
დავით ზალკალიანი - ყველას მოვუწოდებ, გავუფრთხილდეთ იმ უმთავრეს მონაპოვარს, რასაც ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება ჰქვია

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება ქვეყნის უმთავრესი მონაპოვარია და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მთავრობის თითოეული წევრის ამოცანაა, ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი ქვეყანამ მომავალშიც შეინარჩუნოს.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.

„ჩვენთვის უმთავრესი მონაპოვარი გახლავთ ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება. თითოეული ჩვენგანის, ჩემი როგორც მთავრობის ერთ-ერთი კონკრეტული, რიგითი წევრის უმთავრესი ამოცანაა, ეს მონაპოვარი შევინარჩუნოთ, რადგანაც, ამას აქვს უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებ, ისე როგორც მთავრობის თითოეული წევრი, რომ ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი იყოს შენარჩუნებული. ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები იდგმება. მოგეხსენებათ, 13-მდე გაიზარა იმ ქვეყნების რიცხვი, ვინც საქართველო გამოაცხადა უსაფრთხო ქვეყნად, ეს გულისხმობს იმას, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც მიმართავენ ამა თუ იმ ქვეყანას თავშესაფრის მიღების კუთხით, მათი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული“, – განმარტა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა მონპელიეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ და განაცხადა, რომ ყველა ევროპულ ქვეყანაში, საქართველოს საკონსულოები გადასული არიან 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე, რომ დამყარდეს კონტაქტი ამ ადამიანებთან. მინისტრის განმარტებით, საკონსულოს თანამშრომლები, მათთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან და უხსნიან, განუმარტავენ, თუ რა მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ეს ქმედება.

„ჩვენთვის უმთავრესი მონაპოვარი გახლავთ ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება. ყველას მოვუწოდებ, რომ გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს. მე მესმის მონპელიეში მყოფი ადამიანების, რომლებიც იქ გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და ოპონენტები ცდილობენ მათი გაჭირვებით მანიპულირებას და ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების საკითხის კომენტირებისას.

მისი თქმით, თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს საკონსულო დაწესებულებები, საერთაშორისო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოკლებულნი არიან საქართველოს მოქალაქეების ჩვეულ რეჟიმი მომსახურების შესაძლებლობას.

„ერთი ნიუანსი მინდა იცოდეთ – როდესაც საქართველოს მოქალაქეები ჩადიან უცხო ქვეყანაში და ითხოვენ თავშესაფარს, ჩვენ ვცდილობთ დამყარდეს კონტაქტი ამ ადამიანებთან, მაგრამ პროცედურა – როდესაც ადამიანი მიმართავს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის დაკმაყოფილების კუთხით ამა თუ იმ ქვეყანას, უზღუდავს კონსულს მოქალაქესთან ურთიერთობას და მოქალაქეები ნებაყოფლობით აცხადებენ უარს საკონსულო სამსახურის თანამშრომლებთან ურთიერთობაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენი თანამშრომლები მათთან მაინც იმყოფებიან კომუნიკაციაში და უხსნიან, თუ რა მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება იყოს მათი ქმედებები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა მოხდეს პრევენცია თავშესაფრის მაძიებლების ზრდასთან დაკავშირებით. დავით ზალკალიანი მოსახლეობას მოუწოდეს, გაუფრთხილდნენ ქვეყნის უმთავრეს მონაპოვარს, რასაც ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება ჰქვია.

„აქტიურად ვმუშაობთ, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე, რომ ახალი ინიციატივები იყოს გაჟღერებული და მოხდეს პრევენცია თავშესაფრის მაძიებლების ზრდასთან დაკავშირებით. შესაბამისი კანონმდებლობა იყო მიღებული პარლამენტში და დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარლამენტარები ამაზე ისაუბრებენ. ცვლილებების თანახმად, იმ პირთა კრიმინალიზაცია ხდება, ვინც ორგანიზებას უწევს, ამ ადამიანების, ასე ვთქვათ, არამართლზომიერად გაყვანას, თავშესაფრის მოთხოვნის კუთხით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალიან აქტიური ნაბიჯები იდგმება. პოლიციის ატაშეები, რომლებიც ჩვენ გვყავს ევროპის ქვეყნების თითქმის ყველა დედაქალაქში, არიან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და ყველას მოვუწოდებ, რომ გაგებით მოეკიდოთ, გაუფრთხილდეთ, ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმთავრეს მონაპოვარს. აქ მოგებული და წაგებული არ იქნება. აქ ქვეყანა დამარცხდება, იმ შემთხვევაში, თუ ეს შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება. ამიტომ ყველას, მათ შორის, ოპონენტებსაც, მოვუწოდე, აქ უნდა ვითანამშრომლოთ ყველამ ერთად, რათა აქტიურად გავაძლიეროთ კომუნიკაცია ადამიანებთან, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილი“, -განაცხადა დავით ზალკალიანმა.