დავით ზალკალიანი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპული ოჯახისკენ საქართველოს სვლა გარანტირებული იყოს
დავით ზალკალიანი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპული ოჯახისკენ საქართველოს სვლა გარანტირებული იყოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ახალი მთავრობის პირობებში საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც ეს ასახულია სამთავრობო პროგრამაში და ასევე ის ამოცანები, რაც დღეს აქტიურად დგას საქართველოს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი სამთავრობო პროგრამის პირველი და უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რაც ასევე გამყარებულია ჩვენს მთავარ საკანონმდებლო აქტში – კონსტიტუციაში, რაც არის ქართველი ხალხის არჩევანი და ასევე პარლამენტის მიერ საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებული რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

ბუნებრივია, ეს ასევე იქნება ჩვენი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტი, ისევე როგორც ქვეყნის დეოკუპაცია, არაღიარების პოლიტიკა, საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე ეკონომიკური დიპლომატია, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძირითადი უფლებების დაცვა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უწყება ასევე აქტიურად იქნება ჩართული სამთავრობო პროგრამის სხვა ძირითადი მიზნების განხორციელებაში, რაც უკავშირდება ინოვაციურ, ახალ პროექტებზე დაფუძნებით ეკონომიკის გაუმჯობესებას, განათლების სისტემის რეფორმას და სხვა.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის სვლა ევროპული ოჯახისკენ იყოს გარანტირებული. ამისთვის გვჭირდება, რომ საშინაო პოლიტიკა იყოს თანხვედრაში საგარეო პოლიტიკასთან და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის მოცემული და გარანტირებული ახალ სამთავრობო პროგრამაში“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს პარლამენტმა დღეს 101 ხმით 12-ის წინააღმდეგ ნდობა გამოუცხადა სამთავრობო პროგრამას „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ და დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით.