დავით ზალკალიანი - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების ქმედებას მიეცეს შესაბამისი შეფასება
დავით ზალკალიანი - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების ქმედებას მიეცეს შესაბამისი შეფასება

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმყოფებით მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ჩვენს პარტნიორებთან და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების ქმედებას მიეცეს შესაბამისი შეფასება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საუბარი შედგა როგორც ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, ასევე ჟენევის მოლაპარაკების პროცესის ყველა მონაწილესთან, ევროკავშირის მისიასთან, ასევე გაერო-სთან და ეუთო-სთან.

„ჩვენთვის ცნობილია სოფელ ატოცში მიმდინარე უკანონო ქმედება, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო ჯარები ახორციელებენ. ჩვენ მყისიერად დავამყარეთ კონტაქტი საერთაშორისო საზოგადოებასთან. მქონდა საუბარი გუშინ, როგორც ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, ასევე ჟენევის მოლაპარაკების პროცესის ყველა მონაწილესთან, ევროკავშირის მისიასთან, ასევე გაერო-სთან და ეუთო-სთან. ჩვენს ყველა საელჩოს და საერთაშორისო ორგანიზაციაში წარმომადგენლობას აქვს შესაბამისი ინსტრუქცია, რომ უახლოეს პერიოდში ყველა სხდომაზე იყოს ეს საკითხი გააქტიურებული. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთის ფედერაციას მოეთხოვოს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედება, რომელსაც ადგილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ყოველდღიურ რეჟიმში ვიმყოფებით მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ჩვენს პარტნიორებთან და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ ქმედებას მიეცეს შესაბამისი შეფასება”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა არაღიარების პოლიტიკის სისუსტესთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ დღეს გაცილებით ნაკლები ქვეყანა აღიარებს დამოუკიდებლად რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებს, ვიდრე აქამდე.

ზალკალიანის თქმით, არაღიარების უზრუნველსაყოფად ქვეყნის პარტნიორებიც ქმედით ნაბიჯებს დგამენ.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში რუსი სამხედროები დილიდან ისევ გამოჩნდნენ. სოფლის ერთ ნაწილში მავთულხლართები 2008 წლის შემდეგ არის გავლებული, ახლა კი ბოძების მონტაჟი დანარჩენ პერიმეტრზე მიმდინარეობს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ბოძების მონტაჟს ღობის გაბმა მოჰყვება.

აღნიშნული ტერიტორია დასახლებული ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრშია და სოფლის მოსახლეობა მას საძოვრებად, ასევე სახნავ-სათეს მიწებად იყენებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ფაქტს ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელიც მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები.