დავით ზალკალიანი - ყველა ორმხრივი ფორმატის ფარგლებში იქნება დამგმობი განცხადებები, არ მივცემთ რუსეთს მოსვენებას, რათა ზაზა გახელაძე დროულად გათავისუფლდეს
ყველა ორმხრივი ფორმატის ფარგლებში იქნება დამგმობი განცხადებები, არ მივცემთ რუსეთს მოსვენებას, რათა ზაზა გახელაძე დროულად გათავისუფლდეს, – ამის შესახებ აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ეს არის პროვოკაცია, რომლის მსგავსი სცენარებიც ადრეც გვინახავს.
„ეს არის სუფთა პროვოკაცია, რომელიც მიმართულია დესტრუქციისკენ, რომელიც მიმართულია, რათა ეს უკანონო ქმედება იყოს გამოყენებული ქვეყნის, ასევე შიდა პოლიტიკური პროცესების ასარევად, ასე ვთქვათ. მსგავსი სცენარები ვიხილეთ უკვე, თუნდაც იგივე ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების დროს. ამიტომ თანმიმდევრულად, აუცილებლად გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას და მხარდაჭერის მობილიზაციას, უკვე დაწყებული არის ეს პროცესი. ყველა სტრუქტურა, ვინც ჩართულია ჟენევის მოლაპარაკების პროცესში – თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უშიშროების სამსახური, შერიგების სახელმწიფო მინისტრის აპარატი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩვენ ყველა, ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველი – მაქსიმალურად იყოს წნეხი გაზრდილი რუსეთის ფედერაციაზე, რათა მან პატივი სცეს პირველ რიგში საერთაშორისო სამართლის ნორმის პრინციპებს.
სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს, რომ ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც სულ ცოტა ხნის წინ სტრასბურგში ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიღო რუსეთის გამამტყუნებელი განაჩენი, რომელშიც პირდაპირ დაადანაშაულა მიმდინარე ოკუპაციაში რუსეთი, დაადანაშაულა იმ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციაში, რომელიც შექმნილია მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ასე რომ, ძალიან თვალნათელია, ყველაფერი ხელისგულზე დევს.
უკვე მქონდა ბევრ ჩემს კოლეგასთან აქტიური კომუნიკაცია, ჟენევის ყველა მთავარი აქტორი არის ინფორმირებული, გაძლიერდება ზეწოლა, ყველა ფორმატში, მათ შორის, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფორმატში, მათ შორის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფორმატში, გაერო-ს გენერალური ასამბლეისა და ასევე, უშიშროების საბჭოსა და ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატში, ნატო-ს ფორმატში; ყველა ფორმატი, ორმხრივი ფორმატები იქნება მაქსიმალურად გამოყენებული. იქნება დამგმობი განცხადებები და არ მივცემთ მათ მოსვენების საშუალებას – მე ამის პირობას გაძლევთ, ისე როგორც ყველა წინა უკანონო დაკავების დროს იყო გაკეთებული; ყველა ქმედითი ნაბიჯი იქნება მობილიზებული იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქე ზაზა გახელაძე იყოს დროულად გათავისუფლებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს დღეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.