დავით ზალკალიანი - ყველა ევროპელ პარტნიორთან მუდმივი კომუნიკაციაში ვართ, რათა ინდივიდუალურ რეჟიმში განვსაზღვროთ ქვეყნებთან მიმოსვლის პროცედურები
დავით ზალკალიანი - ყველა ევროპელ პარტნიორთან მუდმივი კომუნიკაციაში ვართ, რათა ინდივიდუალურ რეჟიმში განვსაზღვროთ ქვეყნებთან მიმოსვლის პროცედურები

ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველო შევიდა 15 უსაფრთხო ქვეყანას შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აძლევს გარკვეულ მოქნილობას, რათა მათ ინდივიდუალურად, თითოეულ ქვეყანასთან მიმართებაში შემოიღონ ინდივიდუალური პროცედურები. ჩვენ ამჟამად ვართ მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ყველა ევროპელ პარტნიორთან, რადგანაც სწორედ ინდივიდუალურ რეჟიმში განვსაზღვროთ ქვეყნებთან მიმოსვლის შესაბამისი პროცედურები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით, ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა, ასევე – გერმანია, საფრანგეთი, უნგრეთი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ხსნის საზღვარს საქართველოსთან.

„აქედან გამომდინარე ჩვენი დამოკიდებულებაც იქნება შესაბამისი. მაგალითად, იტალია საქართველოს მოქალაქეებს უწესებს 14-დღიან თვითიზოლაციის რეჟიმს, ასევე ესპანეთსა და შვედეთს აქვს გარკვეული ტესტები იმისთვის, რომ შეხვიდე ამ ქვეყანაში. რაც შეეხება საბერძნეთს, ის აწესებს გარკვეული განაცხადის შევსებას, 48 საათით ადრე აუცილებელია, რომ იქ შემავალმა სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებმა 48 საათით ადრე შეავსონ სპეციალური განაცხადი, მისამართის მითითებით და ასევე იმ ვადის მითითებით, რა ვადითაც რჩებიან ამ ქვეყანაში და ასევე არ გამოირიცხება ტესტები. აქედან გამომდინარე, რეჟიმები ევროკავშირის სხვადასხა ქვეყანასთან არის განსხვავებული და ბუნებრივია, ჩვენი დამოკიდებულებაც ევროკავშირის ქვეყნებთან იქნება ადეკვატური, ანუ სარკისებრი მიდგომა. ეს ყველაფერი უკვე არის დამუშავების რეჟიმში და უახლოეს პერიოდში ჩვენ, მთავრობა, საკოორდინაციო საბჭოზე რა თქმა უნდა, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ეს იქნება გამოცხადებული და ეცნობება საზოგადოებას თუ რა რეჟიმები იქნება დაწესებული ამ წუთებში მიდის მსჯელობა თუ რა პირობებით ვხსნით, მაგრამ ბუნებრივია ის ქვეყნები, რომლებიც უპირობოდ გვიხსნიან, მათთან მიმართებაში გვექნება შესაბამისი მიდგომა და თუ კი ქვეყანა შენ არ გიღებს უპირობოდ, ბუნებრივია საქართველოს დამოკიდებულებაც უნდა იყოს შესაბამისობაში, ანუ ნაცვალგების პრინციპებზე, სარკისებრულად ვიმოქმედებთ თითოეულ ქვეყანასთან მიმართებაში. მოლაპარაკების საგანია ყველაფერი, რა პროცედურებსაც ამ წუთებშიც გავდივართ. ალბათ უახლოეს დღეებში ჩამოყვალიბდებით საბოლოო პროცედურებზე და შესაბამისად, საზოგადოებას ვაცნობთ გადაწყვეტილების შესახებ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ყოველ ორ კვირაში ერთხელ გადაიხდება და ევროკავშირი კვლავ იხელმძღვანელებს მესამე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე.

„ჩვენ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელებთ, პირველ რიგში ჩვენი ინტერესია, რომ საქართველოში შემომავალ უცხოეთის, ევროკავშირის მოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლემა და ასევე ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლემა. ეს არის ორმხრივი ინტერესის საგანი. ამოსავალი წერტილი არის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, რადგანაც რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირმა მიიღო და მისცა მის ქვეყნებს. გადაისინჯება ყოველ ორ კვირაში ერთხელ და გადაწყვეტილების მიღების დროს ევროკავშირი კვლავ იხელმძღვანელებს მესამე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე. ჩვენთვის მთავარია, დავიცვათ ის უსაფრთხოების პირობები და სიტუაცია, რომელიც დღეს არის შექმნილი ქვეყანაში და რაც იყო იმ გადაწყვეტილების საფუძველი, რაც ევროკავშირმა მიიღო საქართველოსთან მიმართებაში, როცა შეგვიყვანა უსაფრთხო ქვეყნების რიგში, იყოს სრულ თავსებადობაში ორი კვირის შემდეგაც“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.